ახალი ამბები

თბილისში ამბასადორიალი გაიხსნა

5 სექტემბერი, 2012 •
თბილისში ამბასადორიალი გაიხსნა

ამბასადორიალზე განხილული იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები.

 

გაიმართება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ისინი მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას და ასევე, შესაბამის დავალებებს მომდევნო წლისთვის. ელჩები, ასევე, შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.

 

ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით ესწრებიან შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები: კარლ ბილდტი, რადოსლავ შიკორსკი, ჰექტორ ტიმერმანი და რატუ ინოკე კუბუაბოლა.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბილდტი და შიკორსკი. ასევე, შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პარლამენტში და ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ საქართველოს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.

 

ჰექტორ ტიმერმანი ლათინური ამერიკის რეგიონიდან პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც საქართველოში ვიზიტს ახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა სტრატეგიას ახორციელებს საქართველო ამ მიმართულებით და რამდენად წარმატებულია იმპლემენტაციის საკითხები. ხვალ კი ის სიტყვით გამოვა ამბასადორიალზე.

 

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

ამბასადორიალი  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გახსნა. შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის გამოსვლაში შეაფასებს ერთი წლის მანძილზე დიპლომატიური სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობას.

 

საქართველოს ელჩებს სპეციალური სტუმრის სტატუსით ხვალ სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და ავღანეთში მიმავალ ახალ ბატალიონს, რომელიც უახლოეს თვეებში გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი