ახალი ამბები

ანი მიროტაძე: სანიკიძის პარტიიდან წასვლა მტკივნეული, მაგრამ ლოგიკური იყო

11 ნოემბერი, 2016 • 2088
ანი მიროტაძე: სანიკიძის პარტიიდან წასვლა მტკივნეული, მაგრამ ლოგიკური იყო

“ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძის “ეროვნული ფორუმიდან” წასვლა იყო მტკივნეული, თუმცა, ლოგიკური პროცესი.

ანი მიროტაძის განცხადებით, “ეროვნულ ფორუმსა” და გუბაზ სანიკიძეს შორის უთანხმოება არ ყოფილა და მისი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო.

“არანაირი უთახმოება არ ყოფილა. იმ არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში ჩაატარა სისტემამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომლითაც პარტიამ აიღო საკონტროლო პაკეტი და მოიპოვა 115 ხმა პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად გასულია პოლიტიკური და დემოკრატიული სივრციდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სისტემამ დაგვამარცხა. პარტიებმა, რომლებმაც ვერ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ჩვენი ამომრჩეველი, რატომ უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბევრი განსხვავებული აზრი ისმოდეს პარლამენტში და არა, ვთქვათ, “ნაციონალური მოძრაობის”, “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” ერთმანეთთან პაექრობა, რომლის მოწმეები გავხდებით ახლო მომავალში. ჩვენ შევაფასეთ, გადავაფასეთ მოვლენები… ჩავთვალოთ, რომ მიზანშეწონილობიდან გამომდინარეა მიღებული გუბაზ სანიკის გადაწყვეტილება. მან თქვა, რომ ის წავიდა ეროვნული ფორუმიდან, მაგრამ არ წასულა პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და თანამებრძოლებად. დანარჩენს გამოაჩენს პროცესი”, – ამბობს მიროტაძე.

ანი მიროტაძემ გაიხსენა ის ფაქტი, რომ კახა შარტავას, ეროვნული ფორუმის თავმჯდომარეს ჰქონდა ინიციატივა, პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნან გაერთიანება, რომელიც “ქართულ ოცნებას” წინააღმდეგობას უფრო კარგად გაუწევს. მიროტაძის თქმით, ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები ასეთი გაერთიანების შესაქმნელად.

“ეს არ არის ახირება ან გადარჩენის მცდელობა, ეს არის მოცემულობიდან გამომდინარე, მაშინ, როცა პოლიტიკოსებისგან დაცლილი საკონტროლო პაკეტის მქონე ხელისუფლება გყავს და აბსოლუტურად გაკოტრებული, დემორალიზებული ნაციონალური მოძრაობა და აქვს პრეტენზია, რომ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, ვალდებული ხარ შენი ქვეყნის, შენი საზოგადოების წინაშე, რომ შექმნა სხვა პოლიტიკური გაერთიანება, სადაც გაერთაინდება პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც დაგროვილი არის ბოლო წლების განმავლობაში. მიზანშეწონილობიდან გამომდინარეც არის, რომ შეიქმნას დიდი პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრები, რომელიც გაუწევს სერიოზულ პოლიტიკურ კონკურენციას მოქმედ ხელისუფლებას. არ ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის გუშინდელი დღე, და თუ ვინმე პარტნიორი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას და ვისთანაც კომფორტულად გრნობს თავს, ეს არის “ქართული ოცნება”, – ამბობს მიროტაძე.

ანი მიროტაძე ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძის წასვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები დაწყებული იყო, ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, თუმცა – ლოგიკური.

“პარალელური პროცესი, რომ შეიქმნას საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრები, მიმდინარეობს. მინიმუმ, ეს პოლიტიკური გაერთიანება საზოგადეობასთან ერთად არ მისცემს კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე “ქართულ ოცნებას” იმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი მოირგოს საკუთარ თავზე. ასეთი პოლიტიკური გაერთიანება ჰაერივით აუცილებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გვაქვს. კონკრეტულად, ახლა ძალიან გამიჭირდება გითხრათ, ვინ შეიძლება იხილოთ ამ გაერთიანებაში, მე ვიქნები თუ ვერ ვიქნები. მე მაქვს ამბიცია, რომ დღეს არ გამოვეკიდოთ პარტიულ ჩარჩოებს, თუ საჭიროა, რომ გავთავისუფლეთ პოლიტიკური ჩარჩოებისგან და უფრო დიდი ამოცანისთვის ყველა პარტიამ მსხვერპლი გაიღოს და გააუქმოს პარტია, რატომაც არა, ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსმა ამაზე ძალიან ბევრი უნდა იფიქროს.”, – ამბობს მიროტაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ნოემბერს, ეროვნული ფორუმის რიგები დატოვა გუბაზ სანიკიძემ, თუმცა მან თქვა, რომ პოლიტიკაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი