ენმ–ის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, როდესაც “თავისუფალმა დემოკრატებმა” უმრავლესობა დატოვეს, ცალკეული საუბრები ჰქონდათ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრებთან იმის შესახებ, რომ ახალი კონფიგურაციით შეეცვალათ მთავრობა, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ დათანხმდა.
“როდესაც ირაკლი ალასანია გავიდა უმრავლესობიდან, მაშინ იყო შანსი, რომ გაკეთებულიყო ახალი კონფიგურაცია პარლამენტში და ახალი მთავრობა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. შეიქმნებოდა ახალი უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, დროებითი უმრავლესობა, ტექნიკურად ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ამის შანსი და შესაძლებლობა იყო, მაგრამ არ განხორციელდა. ჩვენთვის ყველაფერი იქნებოდა მისაღები და, რა თქმა უნდა, თანახმა ვიქნებოდით ამაზე, ოღონდ ივანიშვილი არ ყოფილიყო მთავრობაში. ამან [ივანიშვილის მთავრობაში ყოფნამ] რაც გამოიწვია, კარგად ვხედავთ. ამიტომ გახდა ეს თემა აქტუალური, რაც ვახსენე, რომ აქამდე მიგვიყვანა.
პარტიები, რომლებიც დარჩნენ პოლიტიკური სცენის, ამ შემთხვევაში, პარლამენტის მიღმა, გამოიყენა ივანიშვილმა და შემდეგ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ისინი. სამწუხაროა, თავის დროზე, რომ იყო ასეთი შანსი [კონფიგურაციის ჩამოყალიბების], არ გამოიყენა არავინ. არავინ იმუშავა ამაზე, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით გვემუშავა. შესაძლებლობა იყო კონსულტაციების, მაგრამ ოფიციალურად თანხმობა არავის უთქვამს. ცალკეული საუბრები გვქონდა და შესაძლებლობა იყო, რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება, რაც არ იყო. კონკრეტულად, ვინ იყო და ვინ არა თანახმა… ჩვენ რომ ვიყავით თანახმა, ფაქტია იმიტომ, რომ ვიყავით მონდომებულები, ივანიშვილი ჩამოგვეცილებინა მთავრობიდან და ამის შანსი იყო ნამდვილად,” – განუცხადა ნეტგაზეთს ბარამიძემ.
“რესპუბლიკურ პარტიაში” უარყოფენ, რომ მათსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის რაიმე სახის საუბარი იყო ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბების თაობაზე მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით.
გიორგი ბარამიძის განცხადებას ასევე გამოეხმაურა “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახაბერ შარტავა. მისი თქმით, კოალიციაში ყოფნის დროს და მმართველი გუნდის დატოვების შემდეგაც არანაირ მოლაპარაკებებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ადგილი არ ჰქონია.
“როგორც ჩანს, ჩვენმა უწყინარმა წინადადებამ, რომელიც არცთუ ისე უწყინარი აღმოჩნდა, ერთგვარი ჩოჩქოლი გამოიწვია. თუ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მეორე ტურისთვის რაღაც წინაპირობის შექმნას ცდილობენ, ტყუილად ირჯებიან “ეროვნული ფორუმის” მისამართით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წინადადება ეხებოდა არა პარტიებთან მოლაპარაკებებს, არამედ ცალკეულ პიროვნებებთან და ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთობლივად რაიმე ახალი და მძლავრია გასაკეთებელი. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ცალ-ცალკე ვაშენებდით პარტიებს და ამ პარტიების შედგებიდან გამომდინარე შეიძლება ერთად დავიწყოთ საუბარი ახალ, გრძელვადიან გაერთიანებაზე, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ იყო ასეთი მოლაპარაკებები ჩვენთან, ძალიან შორს არიან რეალობისგან,” – აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახაბერ შარტავა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა პარტია მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” ან “ქართულის ოცნების” მხარდაჭერისკენ, შარტავა აცხადებს, რომ პარტია “ეროვნულმა ფორუმმა” არჩევნები დაასრულა და მოქალაქეების თავისუფალ აზრზე ზემოქმედებას არ მოახდენს.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ–ერთი ყოფილი ლიდერი ზურაბ აბაშიძე გიორგი ბარამიძს განცხადებას ბოდვას უწოდებს. მისი თქმით, ასეთი კონსულტაციები რომც დაწყებულიყო, სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა:
“სრული ბოდვაა იმიტომ, რომ ამაზე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ საქმის კურსში ვიქნებოდი და რომც ჰქონოდა ადგილი, მე ვიქნებოდი სასტიკი წინააღმდეგი. არ მახსენდები ის, რასაც ბატონი გიორგი საუბრობს. ეს არის სრული აბსურდი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვერ გეტყვით, ინდივიდუალურულ რეჟიმში ვისთან, რა საუბრები იყო, არ ვარ ამის მონაწილე. მე გეუბნებით ჩემი და რამდენიმე ახლო მეგობრის სახელით, რომლებთან ერთადაც გავაკეთე განცხადება [პარტიის დატოვების შესახებ], სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ გამორიცხულია ამ საკითხზე ყოფილიყო საუბარი,” – აცხადებს აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.
ირაკლი ალასანიას გუნდმა კოალიცია “ქართული ოცნება” 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ, რაც დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ე.წ. კაბელების საქმეზე და თანამდებობიდან გადადგნენ მინისტრები, რომლებიც იყვნენ “თავისუფალი დემოკრატების” წევრები. “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “ეროვნულმა ფორუმმა” კოალიცია 2016 წლის ზაფხულში დატოვეს და დამოუკიდებლად დაიწყეს საარჩევნო კამპანია.
2016 წლის პარლამენტის არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა” ხმების 4.65 % მიიღეს, “რესპუბლიკელებმა”- 1.55%, ხოლო “ეროვნულმა ფორუმმა” -0.73%, რაც საარჩევნო ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის. არჩევნები ხმათა უმრავლესობით “ქართულმა ოცნებამ” მოიგო. მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შევიდნენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” – 48,67% ; “ერთანი ნაციონალური მოძრაობა” – 27,11% ; საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%.