ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა აღადგინა

7 ნოემბერი, 2016 • 2392
თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა აღადგინა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, წვევამდელების სისტემა აღდგება, თუმცა მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ იზორიამ დღეს, 7 ნოემბერს, 100 დღის  ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა:

“3 თვის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ წვევამდელების სისტემა აღდგეს საქართველოში. პრაქტიკულად ის თავდაცვის უწყების ფარგლებში იქნა შეჩერებული”,- განაცხდა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა განმარტა ის მიზეზებიც, თუ რის გამოა წვევამდელების სისტემა მომგებიანი სახელმწიფოსთვის. მისი თქმით, წვევამდელები საუკეთესო ეკონომიური რესურსია დაკომპლექტების პრობლემის მოსაგვარებლად:

“მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც საფუძველს გვაძლევს, რომ წვევამდელების სისტემა ამოქმედდეს- ის არის უფრო ეკონომიური. თუ წელიწადში საკონტრაქტო მოსამსახურე სახელმწიფოს 25 000-26 000-მდე უჯდება, სავალდებულო მოსამსახურე წელიწადში 9 000 უჯდება სახელმწიფოს”,- ამბობს იზორია.

იზორიას თქმით, წვევამდელების სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება, წვევამდელებს უქმე დღეებში დასვენების საშუალება ექნებათ, მათი ხელფასი 50 ლარამდე მოიმატებს და, როგორც იზორია ამბობს, ისინი ზუსტად იმ საბაზისო-საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რასაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მონაწილე პირები გადიან.

2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინიციატივა იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა  სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულად გაუქმებას. ხიდაშელის ინიციატივის მიხედვით, სავალდებულო გაწვევას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ეთიშებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამინისტროს კვლავ შეეძლო 18-დან 27 წლამდე მოქალაქეების გაწვევა, რადგან მათთან მსახურება, კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურად ითვლება.

2015 წლის საშემოდგომო გაწვევისას სამხედრო სავალდებულო-სამსახურში შსს-ს კვოტით სულ 1350 ადამიანი გაიწვიეს, სასჯელაღსრულების კვოტით – 998, ხოლო თავდაცვის უწყების კვოტით – 1050.

მასალების გადაბეჭდვის წესი