ახალი ამბები

ჯარი წვევამდელებს აღარ მიიღებს, თუმცა ეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას არ ნიშნავს

3 მაისი, 2016 • 7586
ჯარი წვევამდელებს აღარ მიიღებს, თუმცა ეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას არ ნიშნავს

“ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება”, – ეს განცხადება გასულ კვირაში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. თუმცა, თუ ჯარში გაწვევის მოლოდინში ხართ, ტყუილად ნუ გაგიხარდებათ, ან გეწყინებათ, რადგან სავალდებულო სამხედრო სამსახური არ უქმდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აზრით, ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ უნდა იყოს, სოციალურ ქსელებში საკმაოდ ფართო გამოხმაურება პოვა. საკითხი განსაკუთრებით იმ ადამიანებს აინტერესებთ, ვისაც ახლო მომავალში ჯარში გაწვევა უწევთ, თუმცა ჯერჯერობით საჯარო არ არის  კონცეფცია, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიღება სურს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტს ახლო მომავალში გაასაჯაროებენ.

დღეისათვის 18-დან 27 წლამდე პირების ჯარში გაწვევის კურატორი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტია. წვევამდელების გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და შემდეგ მათი განაწილება ხდება შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემასა და შსს-ს გასამხედროებულ უწყებებში.

თეორიულად შესაძლებელია, რომ თავდაცვის სამინისტრომ ამ წესით წვევამდელების მიღებაზე უარი თქვას (ნებაყოფლობით წვევამდელებზე თუ რეზერვის განვითარებაზე იზრუნოს, რისი კონცეფციის პირველადი ვარიანტი საზოგადოებას უკვე წარუდგინა კიდეც), თუმცა შსს-მ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ არსებული პრაქტიკითვე გაააგრძელონ წვევამდელების მიღება. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე საქმე სწორედ ამ მოცემულობასთან გვაქვს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროზე და სასჯელაღსრულების სამინისტროზე  ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ თავდაცვის ნაწილში. სასჯელაღსრულებასა და შინგან საქმეთა სამინისტროზე ჩვენი კონცეფცია არ ვრცელდება. ჩვენ ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით”, – გვითხრა თავდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ კაციტაძემ.

თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე აზუსტებს, რომ ეს არა ინიციატივა, არამედ ფაქტის კონსტანტაციაა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2017-2018 წლებში შეიარაღებული ძალები სავალდებულო წესით წვევამდელებს არ მიიღებს.

“საზოგადოებაში ამან ცოტა გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ აქ საუაბრია იმაზე, რომ 2017-2018 წლებში თავდაცვის უწყება არ გამოიყენებს სამხედრო ვალდებულებებს და არ გაიწვევს წვევამდელებს სამხედრო ძალებში. მხოლოდ ეს გაცხადდა და არა ის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მთლიანად უქმედება. ერთია შეჩერება და მეორეა საკანონმდებლო აკრძალვა. ამჟამად აშშ-სა და გერმანიაში სამხედრო სავალდებულო სამსახური შეჩერებულია, ანუ ამ წესით მათი არმიები არ კომპლექტდება, მაგრამ თვითონ კანონი არსებობს და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი ამოქმედება. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში. თავდაცვის უწყებას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს თავისი გეგმები და აამუშაოს სამხედრო-სავალდებულო სამსახური”, – გვითხრა მინისტრის მრჩეველმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების რეალიზაციას არავითარი საკანონმდებლო ცვლილება არ სჭირდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის მთლიანად გაუქმებაზე საკანონმდებელო ინიციატივა პარლამენტში უკვე შეტანილი აქვს ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს”, თუმცა, ჯერჯერობით შედეგის გარეშე. პარტიის წარმომადგენელი გუგა ჩაფიჩაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ მხოლოდ თავდაცვის უწყება შეწყვეტს წვევამდელების მიღებას და ეს შსს/სასჯელაღსრულებას არ შეეხება, გამოდის, რომ ბევრი არაფერი იცვლება. მისი თქმით, კარგია, რომ ლაპარაკი დაიწყო სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე და ისიც პოზიტიურია, რომ თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, თუმცა უნდა გაუქმედეს მთლიანად სისტემა და არა მისი ერთი კომპონენტი:

“თუ თავდაცვის სამინისტრო უარს იტყვის ამ პრაქტიკაზე, მაგრამ იმავეს არ გააკეთებს შსს  და სასჯელაღსრულება, პრაქტიკულად ეს სისტემა შეუცვლელი იქნება. გამოდის, რომ, საბოლოო ჯამში, ეს არა მხოლოდ თინა ხიდაშელის, არამედ მთლიანად  მთავრობის და პარლამენტის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა. კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური საერთოდ აღარ არსებობს”, – ამბობს ჩაფიჩაძე.

2015 წლის საშემოდგომო გაწვევისას სულ სამხედრო სავალდებულო-სამსახურში შსს-ს კვოტით 1350 ადამიანი გაიწვიეს, სასჯელაღსრულების კვოტით – 998, ხოლო თავდაცვის უწყების კვოტით – 1050. გაწვევა რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის პირობებში ჩატარებულიყო, გამოდის, რომ 2348 წვევამდელს მაინც გაიწვევნდნენ შსს და სასჯელაღსრულების სამინისტრო, რადგან მათთან მსახურება, კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურად ითვლება.

თუკი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემას თავდაცვის სამინისტრო გამოეთიშება და რეზერვის განვითარებას დაიწყებს, დაასუსტებს თუ არა ეს  საზოგადოების თვალში შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინსიტროების არგუმენტებს იმის შესახებ, რომ სავალდებულო გაწვევა თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისათვისაა აუცილებელი? სავალადებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეების უმთავრესი არგუმენტი სწორედ ისაა, რომ ადამიანები კარანტინის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში რომელიმე ობიექტის ყარაულში დგომისას რეალურ სამხედრო უნარ-ჩვევებს ვერ გამოიმუშავებენ და სისტემა არაეფექტურია.

“ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ექნება, თუ რა დაერქმევა ამ პრაქტიკას. ეს ორივე სამინისტრო ამ ადამიანებს იყენებს მარტივი სამუშაოების შესასრულებლად [გუშაგებად]. ამ ადამიანებმა ხშირად არ იციან იარაღის აწყობა, არ არიან მომზადებული საბრძოლო მდგომარეობისთვის და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე იქნებოდა, პირობითად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რომ გამოყოს 1000-კაციანი კვოტა, ადამიანებს მუშაობა დაავალდებულოს და დააწყებინოს ავტობანის აშენება. პრინციპი იგივეა. ამას  რა დაერქმევა, არ ვიცი, მაგრამ მე ველოდები, რომ უფრო აქტიური საუბარი დაიწყება ამ თემაზე და ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება ეს ამბავი”, – ამბობს ჩაფიჩაძე.

“[გაწვევის] არსებული სისტემის მიმართ დამოკიდებულება აშკარად უარყოფიათია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს სისტემა შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარ ამოცანებს არ პასუხობდა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური გამოყენებული იყო არასწორად და ეს შესაცველი იყო. ვთვლით, რომ ახალაგაზრადების ენერგია და მათი მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში ერთია და ეს დამოკიდებულება არსებობს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ, მეორე მხრივ, სახეზეა ტრანსფორმაციის აუცილებლობა”, – ამბობს თავდგირიძე და დასძენს, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სავალდებულო წვევამდელების თაობაზე პირდაპირ არ ნიშნავს, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას შსს და სასჯელაღსრულების სამინისტროც მიიღებენ, თუმცა:

“პირდაპირ არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, თუმცა საზოგადოებაში არსებობს უარყოფითი განწყობა ამ სამსახურის მიმართ და გამორიცხული არ არის, ეს უწყებებიც დაფიქრდნენ და გარკვეულწილად საზოგადეობის მოთხოვნის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ამ უწყებების  გასაკეთებელია და ჩვენ მათ მაგივრად ამ განცხადებას ვერ გავაკეთებთ”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.

სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი პოზიცია ხიდაშელის განცხადების შემდეგ არ დაუფიქსირებიათ. მათგან კომენტარის მოპოვება ჯერჯერობით ვერც ჩვენ მოვახერხეთ (სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაგვპირდნენ), თუმცა 3 მარტს, როდესაც საპარლამენტო კომიტეტში “გირჩის” შესაბამისი ინიციატივა ჩავარდა, სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება მხარს არ უჭერს ცვლილებების [სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმება] მიღებას:

“სამინისტროში დღეს 4 791 პირი იხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს პირები ახორციელებენ სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიც არის მაგისტრალური გაზსადენის დაცვა, ნავთობსადენის დაცვა, საოკუპაციო ხაზი და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა. თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, სამინისტროს მოუწევს დაცვის ამ ღონისძიებების განსახორციელებლად რამდენიმე ათეული მილიონის გამოყოფა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რისი საშუალებაც არ გვაქვს”, – ასეთი იყო მაშინ შსს-ს პოზიცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი