ახალი ამბები

დავით ბეჟუაშვილის საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს

9 აგვისტო, 2012 •
დავით ბეჟუაშვილის საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით ბეჟუაშვილის მიერ “კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” ცენტრების მოწყობის საკითხის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურის უფროსმა, ფატი მამიაშვილმა განუცხადა. 

 

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დავით ბეჟუაშვილმა ამავე რაიონის სოფლებში კომპიუტერულ ცენტრების მოწყობა დაიწყო.

 

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კომპიუტერულ ცენტრებს მოაწყობს, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (GIG) საკუთრებაშია. GIG-ის 100%-იან წილს კი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია “ჩემექსიმ ინტერნეშენალი” ფლობს, რომლის პარტნიორი გახლავთ საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრი და, იმავდროულად, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი.

 

იურისტთა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, აღნიშნული ფაქტით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლის დარღვევა იკვეთება.

 

არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ამ ფაქტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი