ახალი ამბები

გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის პრორექტორად მიხეილ ჩხენკელი დანიშნა

1 ნოემბერი, 2016 • 2763
გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის პრორექტორად მიხეილ ჩხენკელი დანიშნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი (რექტორის მოადგილე) ჰყავსმიხეილ ჩხენკელიმიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა თსუის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 31 ოქტომბერს წარუდგინა აკადემიურ საბჭოს, მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება კი 1 ნოემბერს გასცა. 

პროფესორ მიხეილ ჩხენკელს დამთავრებული აქვს თსუ-ის მათემატიკის ფაკულტეტი, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი დაიცვა მათემატიკაში. ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ყოფილი დეკანი და ვიცე-პრეზიდენტი.

თვითონ გიორგი შარვაშიძე, რომელიც მანამდე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, თსუ-ის რექტორად 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩიეს. შარვაშიძე თავიდანვე ამბობდა, რომ დანიშვნიდან სამ თვეში მზად იქნებოდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა. როგორც რექტორმა დღეს განაცხადა, გეგმის სამუშაო ვერსია (დრაფტი) უკვე მზად არის და დღეს აიტვირთება საჯარო განხილვისთვის. მისი თქმით, ამგვარად ყველა უნივერსიტეტელს შეეძლება, თავისი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის განვითარებაში, მისი ხედვის ჩამოყალიბებაში. მისივე თქმით, თსუ-ის სტრატეგიული განვითარების (2017-2021 წლები) გეგმა საჯარო განხილვების შემდეგ, დაახლოებით 3 თვეში, დამტკიცდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა საკითხებს მიექცევა სტრატეგიული განვითარების გეგმაში ყურადღება, გია შარვაშიძემ უპასუხა:
“სტრატეგიაში ძირითადი მიმართულება იქნება საკითხი, თუ როგორ უნდა გახდეს თსუ ევროპული დონის უნივერსიტეტი. რა არის ეტაპები, რომელიც უნდა გავიაროთ, — მმართველობის შეცვლა, მეცნიერების დაბრუნება სწავლებაში, სტუდენტური ცხოვრებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, — როგორ შეიძლება, რომ სტუდენტური ჩართულობა იყოს უკეთესი, — სწავლის პირობები, კვლევის პირობები, — როგორ შეიძლება მოხდეს ის, რომ ყველა სტუდენტი იყოს ჩართული სამეცნიერო კვლევაში, რაც არის აუცილებელი თანამედროვე უნივერსიტეტისთვის”, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

ახალი პრორექტორი აპირებს, ჩაერთოს განვითარების გეგმის შემუშავებაში: “ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ასახულია სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიაში და რაზეც მე ვიმუშავებ, არის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია აკადემიურ პროცესთან, რაც გააუმჯობესებს როგორც სწავლების ხარისხს, ასევე წაადგება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას”, – ამბობს ჩხენკელი.

რექტორმა ისაუბრმა სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს შესახებაც: “სტუდენტებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლობა, როგორც ნებისმიერ თანამედროვე უნივერსიტეტში. რა სახელითა და რა სახით იქნება – თვითმმართველობა, სტუდენტური საბჭო, ეს იქნება ნებისმიერი კლუბი – ეს სტუდენტების გადასაწყვეტია”, – ამბობს შარვაშიძე.

“პრივილეგირებული ჯგუფები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ იქნება”, – თქვა რექტორმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას. თვითმმართველობას თსუ-ში 2016 წლის 25 ნოემბერს აირჩევენ. რექტორის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს სურვილი, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალური გამჭვირვალობით:

“მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დამკვირვებლებს, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ და შევძლოთ, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება და საშუალება იმისა, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იქნას არჩეული, მისცეს ხმა… ყველა ის სიკეთე, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში არსებობს, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუდენტისთვის”, — განაცხადა რექტორმა.

თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე (მარჯვნივ) და პრორექტორი, მიხეილ ჩხენკელი (მარცხნივ). 01.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე (მარჯვნივ) და პრორექტორი, მიხეილ ჩხენკელი (მარცხნივ). 01.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი