ახალი ამბები

თსუ-ს რექტორის პოსტს გიორგი შარვაშიძე დაიკავებს

23 სექტემბერი, 2016 • 1658
თსუ-ს რექტორის პოსტს გიორგი შარვაშიძე დაიკავებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაიკავებს.

რექტორის არჩევნები დღეს, 23 სექტემბერს გაიმართა. მის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს 21-მა წევრმა დაუჭირა მხარი, კანდიდატს რექტორის არჩევნებში გამარჯვებისთვის 36 ადამიანისგან შემდგარი აკადემიური საბჭოს წევრთა ნახევრზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

დანარჩენმა კანდიდატებმა გიორგი ბარამიძემ – 6, ცირა ბარამიძემ კი 5 ხმა მოაგროვა. 4 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. გიორგი შარვაშიძე უფლებამოსილების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება რაც აკადემიური საბჭო თსუ-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯმებელ ოქმს დაამტკიცებს. ამ მიზნით აკადემიური საბჭო დღესვე შეიკრიბება.

გიორგი შარვაშიძის თქმით, დღეიდანვე შეუდგება უნივერსიტეტის განვითარების საკუთარი კონცეფიციის განხორციელებას: “უპირველესი ქმედებები რაც იქნება, ეს იქნება მეცნიერები განვითარება, ეს იქნება სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება და ეს იქნება საერთოდ თსუ-ის იმიჯის ამაღლება”- ამბობს შარვაშიძე.

საარჩევნო პროცესი შეაფასეს რექტორობის დანარჩენმა კანდიდატებმაც. ცირა ბარამიძის თქმით, აკადემურმა საბჭომ დღეს უნარების ტესტი ვერ ჩააბარა და რექტორად მეცნიერის ნაცვლად მენეჯერი აირჩია. შედეგებზე ისაუბრა გიორგი ბარამიძემაც. ბარამიძის თქმით, არაჩვენები მხოლოდ ფორმალობა იყო, “არჩევამდე ის იყო უკვე დანიშნული რექტორად, ის უნივერსიტეტის სტრუქტურებს აძლევდა გარკვეულ დირექტივებს. ასე რომ, ამაში მოულოდნელი არაფერია” – თქვა გიორგი ბარამიძემ.

არჩევნების შედეგები მოულოდნელი არც სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრებისთვის ყოფილა. მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, მარიამ ბაღდავაძის თქმით, აუდიტორია 115 თავის პოზიციებს არ დათმობს და იმ მოთხოვნებს, რაც მათ აქვთ, ნებისმიერი რექტორისთვის გაახმიანებს:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ვთვლი, რომ საუნივერსიტეტო სივრცესაც არ უნდოდა ეს რექტორი, მაგრამ ეს მოხდა. იყო ეს სახელმწიფო გავლენა თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. პროცესების განვითარებას დაველოდებით და “აუდიტორია 115″ გია შარვაშიძეს ამ სიტყვას ეტყვის,”- ამბობს სტუდენტური მოძრაობის წევრი. თუმცა, რა ფორმით მიაწოდებენ სათქმელს ახალ რექტორს ჯგუფის წევრები, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

შარვაშიძის კანდიდატურას უნივერსიტეტის ავტონომიურობის შეზღუდვის მცდელობად აფასებდნენ თსუ-ის თვითმმართველობის წევრებიც:

“ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუცია უნივერსიტეტისა, ვიქნებით ობიექტურობის გარანტი. გავაკონტროლებთ ყველა ქმედებას, რომელსაც განახორციელებს კონკრეტული კანდიდატი და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ახლად არჩეული რექტორი არ ჩაერიოს სტუდენტურ საკითხებში იმ კუთხით, რომ შეიზღუდოს [თვითმმართველობის ] არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ნოემბრის თვეში,”- ამბობს თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობა საპროტესტო აქციების მოწყობას არ გეგმავს.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავდა და რექტორობის კანდიდატი 2016 წლის 23 სექტემბერს  უნდა აერჩიათ.

თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი