ახალი ამბები

აჭარაში პარლამენტთან ერთად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსაც აირჩევენ

2 აგვისტო, 2012 •
აჭარაში პარლამენტთან ერთად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსაც აირჩევენ

პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად გამოაცხადა, „ახალი მემარჯვენეებია“. მათ უკვე შეარჩიეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ცნობილია, რომ პროპორციულ სიას სათავეში პაატა მგელაძე ჩაუდგება. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „მემარჯვენეებს“ სპეციალური საარჩევნო პროგრამა არ ექნებათ:

 

„ჩვენ უკვე გვაქვს ერთიანი საბაზისო საარჩევნო პროგრამა, რომელიც ერთნაირად ეხება სოფელს, ქალაქს, მთას და ბარს”, – ამბობს “მემარჯვენე” პაატა მგელაძე.

 

“ნაციონალური მოძრაობა” წელს კანდიდატებთან დაკავშირებით სპეციალურ გამოკითხვებს ატარებს ქვეყნის მასშტაბით. ამ გამოკითხვის ფურცელს თუ გადავხედავთ, უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმართ მმართველ გუნდს დიდი ინტერესი არ აქვს. ისინი კანდიდატთან დაკავშირებით ბათუმელებს მხოლოდ იმას ეკითხებიან, დაუჭერენ თუ არა გიორგი ბარამიძეს მხარს, როგორც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს პარლამენტში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ხალხმრავლობაა, ჯერჯერობით “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარების ვინაობასთან დაკავშირებით ცნობილი არაფერია. შტაბში განგვიცხადეს, რომ პასუხისმგებელი პირი გიორგი კირთაძეა, რომელიც ამბობს, რომ მათთვის მთავარია მოქალაქეების დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა:

 

„ეს სამი პუნქტი მთავარია პარლამენტის არჩევნებზეც, ასევე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, მე ვარ “ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დანარჩენი კითხვებისთვის მიმართეთ პოლიტსაბჭოს“.

 

„თავისუფალი საქართველო“ წელს პირველად ემზადება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. კახა კუკავას პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე რაულ ბოლქვაძე არ მალავს, რომ სურვილი აქვს, სიას უმაღლესი საბჭოსთვის სათავეში თვითონ ჩაუდგეს. აქ აცხადებენ, რომ არ ექნებათ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სპეციალური პროგრამა. „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონალურ ორგანიზაციაში საპარლამენტო საარჩევნო პროგრამას მხოლოდ რამდენიმე შტრიხს შემატებენ. ჯერ არ იციან, რა იქნება მათი სლოგანი, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ სლოგანში პარტიის მემარცხენე იდეოლოგია აუცილებლად აისახება.

 

ბათუმის მაჟორიტარად უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „თავისუფალი საქართველო“ გია ემირიძის დასახელებას აპირებს. გია ემირიძე ჯერ „ეროვნულ ფორუმს“ წარმოადგენდა, შემდეგ მის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ განიხილავდა აჭარაში. ხელვაჩაურში კი მაჟორიტარ კანდიდატად პედაგოგ იამზე ცენტერაძეს წარადგენენ. მან ივანიშვილის კოალიცია რამდენიმე დღის წინ დატოვა. მურმან დუმბაძემ, „ქართული ოცნების“ აჭარის წარმომადგენელმა, ეს ინფორმაცია “ბათუმელებთან“ არ დაადასტურა, თუმცა 27 ივლისს იამზე ცენტერაძე კუკავას პოლიტიკური პარტიის აქციასაც დაესწრო.

 

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩევის პროცესშია კოალიცია „ქართული ოცნებაც“. არჩევანი ალასანიას პარტიის წარმომადგენელ სულხან ღლონტს, “რესპუბლიკელ” გია მასალკინსა და მხატვარ კაკო ძნელაძეს შორის უნდა გაკეთდეს. ამ ინფორმაციას „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძეც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. კოალიციის პარტიულ სიას სათავეში სავარაუდოდ “ქართული ოცნების” წევრი ავთანდილ ბერიძე ჩაუდგება. “ბათუმელების” ინფორმაციით, სიის მეორე ნომრად „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სულხან ღლონტი განიხილება, მესამე ნომრად კი, „ქართული ოცნების“ წევრი მედეა ვასაძე.

 

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” საარჩევნო პროგრამა კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის მალე გახდება საჯარო. ისინი ამ პროგრამით ამომრჩეველს ეტყვიან, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პირდაპირი წესით არჩევა უნდა მოხდეს, რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, აქ მათი მთავარი დაპირება იქნება, რომ აღრიცხავენ უმუშევრებს და მოითხოვენ, მათ დაენიშნოთ კომპენსაცია.

 

“ქრისტიან-დემოკრატები” ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში იყო წარმოდგენილი. ოთხი წლის წინ არჩევნებში მათ წარმატებას პოლიტიკური სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. მათ შორისაა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც “ქრისტიან-დემოკრატებმა” მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მათ მთავარ კონკურენტს, ლევან ვარშალომიძეს მისცეს ხმა.
კითხვაზე, ამჯერადაც გამარჯვების შემთხვევაში ამჟამინდელი მმართველი გუნდის კანდიდატს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერენ თუ არა მხარს, ნუგზარ ფუტკარაძე პასუხობს:

 

„დავუჭერდით თუ არა ჩვენ მხარს, ლევან ვარშალომიძე მაინც გახდებოდა მთავრობის თავმჯდომარე, ჩვენ ცინიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, პროტესტი ამ ფორმით აბსურდს გამოვუცხადეთ“.

 

ნუგზარ ფუტკარაძე “ქრისტიან-დემოკრატების” წარმატებაში დარწმუნებულია.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა 12 და მაჟორიტარული წესით – 6 დეპუტატი. 2008 წლის 3 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებით, 15 მანდატი მოიპოვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო დანარჩენი 3 – “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ”.

 

აჭარის უმაღლესი საბჭო იღებს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, კანონებს, ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს, მთავრობის შემადგენლობასა და თავმჯდომარეს.

აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო

მასალების გადაბეჭდვის წესი