ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება ლარის გაუფასურებასა და რეზერვების ხარჯვაზე

26 ოქტომბერი, 2016 •
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება ლარის გაუფასურებასა და რეზერვების ხარჯვაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით ინტერვენციებს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ამას ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს:

“ეროვნული ბანკის სტრატეგიის მიხედვით, ბანკს აქვს ზუსტად ის მანდატი, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები და ეროვნული ბანკის რეზერვები ამის საშუალებას იძლევა, განახორციელოს ინტერვენციები და შეამციროს ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული დიდი მოჭარბებები. ამ შემთხვევაში იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი, უკვე შეგვიძლია ამის თქმა, “თიბისი ბანკისა” და “ბანკი რესპუბლიკის” გარიგების პროცესი. ამავდროულად, იყო სხვა ერთჯერადი გარიგეგებიც და გარდა ამისა, იყო არჩევნების მოლოდინიც. არჩევნები ქვეყნის ეკენომიკისთვის, გარკვეულწილად, არის ერთჯერადი შოკი.

აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს ეკონომიკური ინტერვენციები განეხორციელებინა”, – ასე ახსნა კობა გვენეტაძემ ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა აგვისტოდან დღემდე 180 მილიონი აშშ დოლარის რეზერვი გაყიდა ლარის გაუფასურების ინტერვენციისთვის.

“ბევრმა თქვეგანმა შენიშნა, რომ ეს პირველად არ მომხდარა, ძალიან ხშირად გაკეთებულა ასე, 2010, 2011, 2012, 2013 წლებში.ზუსტად ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული ასეთი მკვეთრი ნახტომისებური ცვლილებების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ინტერვენციები. განვახორციელებთ თუ არა მომავალში ასეთ ჩარევებს? იმ შემთხვევაში, თუ ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მოგვცა საშუალება და იყო ამის საჭიროება, ამას განვახორციელებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ნებისმიერ მომენტში, როდესაც იქნება კურსის რყევა, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ დღეს, 26 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კობა გვენეტაძემ ისაუბრა ლარის კურსზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც მასზე გავლენას ახდენენ.

“ეროვნული ბანკის ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური კურსის შენარჩუნება, რამაც უკვე გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს. კურსის პროგნოზს, იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურის გვაქვს, რომელიც საქართველოში არის, თეორიულადაც კი ძალიან ძნელია ამის გაკეთება. ის, ვინც ამას გააკეთებს, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ისევე, როგორც ეს ემართება ნავთობის ფასების პროგნოზირებისას, ალბათ, შეცდება. არ ვაკეთებთ კომენტარებს მაშინაც, როდესაც მყარდება კურსი და არც მაშინ, როდესაც უფასურდება კურსი.

გვქონდა ერთჯერადი ფაქტორები, რომელიც ნამდვილად მოქმედებდა და ნამდვილად მოახდინა გავლენა. და არსებობდა გარკვეული მოლოდინები, რომელიც არ შეიძლება არ მოეხდინა გავლენა გაცვლით კურსზე. თუ გადავხედავთ ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა ნამდვილად გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ტურიზმი გაიზარდა 11%–ით, ფულადი გზავნილები 13%–ით არის გაზრდილი, სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%–ით გაიზარდა, სექტემბერში იმპორტი შემცირდა 2%–ით.

ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც კი მიაღწია სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღვანდელ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 ოქტომბრისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0192 ლარით გაუფასურდა და 2.4080–ს მიაღწია.

აგვისტოს შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა და მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი