ახალი ამბები

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

12 ოქტომბერი, 2016 • 1930
სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

2016 წლის 12 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.3365 ლარია, რაც წინა დღის მონაცემთან შედარებით 0.0025-ით მეტია.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე 160 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელი ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსის გაუფასურების წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციები, რომელმაც ლარი მცირედით გაამყარა, მოახლოებულ არჩევნებს და მმართველი გუნდის ინტერესებს უკავშირდება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკს, ის თავის ქმედებებს ასე განმარტავს:

“საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, მათ შორის სავალუტო პოლიტიკის ნაწილში, 2013 წლიდან განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობების შემცირებაა.

შესაბამისად, როდესაც ცალკეული მსხვილი ნაკადები პოტენციურად იწვევს კურსის გადაჭარბებულ მერყეობას და თუ ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა ამის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს მის შერბილებას.

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით – რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები. სწორედ ამ მოკლევადიანი მერყეობების შესარბილებლად განხორციელდა ბოლო ინტერვენციები. მსგავსი ჩარევები ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია და, ბუნებრივია, მომავალშიც განახორციელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა ნებისმიერი მერყეობის დროს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი