ახალი ამბები

ცეზარ ჩოჩელმა საარჩევნო შემოსავლის ნახევარზე მეტი აგიტატორებზე დახარჯა – სამკვირიანი დეკლარაცია

21 ოქტომბერი, 2016 • 1643
ცეზარ ჩოჩელმა საარჩევნო შემოსავლის ნახევარზე მეტი აგიტატორებზე დახარჯა – სამკვირიანი დეკლარაცია

მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა 21 სექტემბრიდან – 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 147 451 ლარი დახარჯა. ამას მოწმობს 3-კვირიანი დეკლარაცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩოჩელმა დაახლოებით 30 000 ლარი დახარჯა რეკლამაზე; მაისურებში, კეპებში, ქუდებსა და აქსესუარებში – 15 000 ლარი, 13 ათასამდე ლარი დაიხარჯა შტაბის თანამშრომლების ხელფასებში, ხოლო 78 750 ლარი – აგიტატორებზე/კოორდინატორებზე.

დროის ზემოხსენებულ პერიოდში ჩოჩელმა 150 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კოორდინატორებზე შემოსავლის ნახევარზე მეტი დახარჯა.

ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რამდენი აგიტატორი/კოორდინატორია, ჩოჩელის დეკლარაციაში სრულად არ არის ნაჩვენები. დეკლარაციაში ხელფასების გრაფაში მხოლოდ 24 ადამიანის ხელფასის შესახებ არის ინფორმაცია, რომელთაგან ცხრამეტია კოორდინატორი. ამ 24 ადამიანის ჯამური ხელფასი მთლიანობაში 12 865 ლარს შეადგენს, თუმცა სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებით შენიშვნაში წერია, რომ აგიტატორებსა და კოორდინატორებზე 78 750 ლარი დაიხარჯა. დეკლარაციაში არ ფიგურირებს ნაღდი ფულით განხორციელებული ფინანსური ოპერაციები.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ აგიტატორების რაოდნეობისა და მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში სრულად უნდა იყოს აღნიშნული, თუმცა ასევე აცხადებენ, რომ დეკალრაციებზე მუშაობა ბოლომდე დასრულებული არ აქვთ.

რაც შეეხება შემოწირულობებს,  21 სექტემბრიდან – 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში ჩოჩელმა 150 000 ლარის შემოწირულობა მიიღო  5 სუბიექტისაგან, რომელთაგან 3 იურიდიული ფირმაა (ქართული ლუდის კომპანია, ზედაზენი 2012, შპს სოფტ დრინკს ჯორჯია). შემომწირველებს შორის არის ცეზარის ძმა, იაგო ჩოჩელი.

8 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე საარჩევნო კამპანიაში ჩოჩელმა მთლიანობაში დაახლოებით 200 000 ლარი დახარჯა. მეორე ტურში ის “ქართული ოცნების” კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს დაუპირისპირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი