ახალი ამბები

“არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას” – ოქრიაშვილისა და ჩოჩელის პარტია

10 ნოემბერი, 2020 • 1149
“არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას” – ოქრიაშვილისა და ჩოჩელის პარტია

“ძალა ერთობაშიას” ბლოკში შემავალი პარტია “პროგესი და თავისუფლება” კვლავ ემხრობა საპარლამენტო მანდატებზე ოპოზიციის უარის იდეას. პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მათი პოზიცია ამ დრომდე არ შეცვლილა, მათი შემდგომი ნაბიჯები კი გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

“არ ვაპირებთ შესვლას[პარლამენტში]. ხომ ვთქვით ყველამ, რომ არ ვაპირებთ? მე ველოდები ოპოზიციის გადაწყვეტილებას. როგორც გაერთიანებული ოპოზიცია მოიქცევა, ისე მოვიქცევი მეც. ჩემი გადაწყვეტილება განსხვავებული არ იქნება. იმედია, არავინ შევა”, – უთხრა პარტიის ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა, “ტვ პირველს”.

დღეს, 10 ნოემბერს, ოპოზიციის ტაქტიკასთან დაკავშირებით კითხვები კიდევ ერთხელ დაისვა მას შემდეგ, რაც საინფორმაციო საშუალებებით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება გავრცელდა.

ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ  მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს”. თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, მან ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მოლაპარაკებები კი აქციებს უნდა დაემატოს, როგორც “პოლიტიკური კომპონენტი”.

პარტიის “პროგრესი და თავისუფლება” კიდევ ერთი ლიდერი ცეზარ ჩოჩელი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ვაშაძის განცხადებები ჯერ არ უნახავს, თუმცა მისი პარტია გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებებს იზიარებს და ასე იქნება მომავალშიც.

“ჯერ უნდა გავერკვე სიტუაციაში, მაგრამ, როგორც ასეთი, მეორე ტურში არ ვმონაწილეობთ ჩვენ”, – აღნიშნავს ის და ამატებს:

“მაგ[ბოიკოტის] საკითხთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდა მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, რომ ის პარტიები, რომელთაც მოიპოვეს მანდატები, არავინ შედიოდა [პარლამენტში]. ვითხოვდით ხელახალ არჩევნებს. თუ რამე შეიცვალა, ჯერჯერობით არ ვიცი”.

ჩოჩელის თქმით, “პროგრესი და თავისუფლება” პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ამას ყველა სხვა პარტია ერთობლივად გადაწყვეტს.

კახა ოქრიაშვილი “ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშიას” პარტიულ სიაში მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს, ცეზარ ჩოჩელი – მეთვრამეტე, მათი თანაგუნდელი დილარ ხაბულიანი კი ოცდამესამე პოზიციაზეა.

ვაშაძე მე-2 განცხადებას ავრცელებს და პოზიციას განმარტავს

მასალების გადაბეჭდვის წესი