ახალი ამბები

ალიანსი ოქრიაშვილთან – პლუსი თუ მინუსი ენმ-სთვის?

4 სექტემბერი, 2020 • 1432
ალიანსი ოქრიაშვილთან – პლუსი თუ მინუსი ენმ-სთვის?

“უნდა გავფართოვდეთ და იმის გარეთ გავიდეთ, რაც აქამდე იყო გაერთიანებული ოპოზიცია [ძალა ერთობაშია]”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის”(ენმ) ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის პარტია ენმ-სთან ერთად საერთო ბლოკით გამოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

არცთუ შორეული პოლიტიკური წარსულის ფონზე, ოქრიაშვილსა და ენმ-ს შორის განსხვავებები აშკარაა, თუმცა ანალიტიკოსები, ერთი მხრივ, ორმხრივ სარგებელზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ თამაშის წესებზე, რომელთა პირობებშიც მსგავსი სვლები უცხო არ არის.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, —  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო.

კახა ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პირველად არ ერთვება წინასაარჩევნო მარათონში. ის 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრი გახდა.

ოქრიაშვილმა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, “ოცნება” მას შემდეგ დატოვა, რაც მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაასახელეს. სწორედ ამ დროს დააფუძნა მან  პარტია “პროგრესი და თავისუფლება” ცეზარ ჩოჩელთან ერთად, რომელიც 2008-12 წლებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იყო მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

ოქრიაშვილი ამჟამად დმანისისა და წალკის მაჟორიტარია და წლევანდელ არჩევნებშიც დმანისი- წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში იყრის კენჭს. მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ჩოჩელიც: გრიგოლ ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ოლქში იქნება ჩოჩელი მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ცნობილია, რომ ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მცხეთის მაჟორიტარობაზე კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა საერთო ღირებულებები და პოლიტიკური ხედვები აერთიანებთ დღეს ოქრიაშვილთან, თუმცა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, “ნაციონალურ მოძრაობაში” საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. თავად კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას არ იღებს არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების შეცდომებზე, ვინაიდან არასდროს ყოფილა პარტიული და ორივესთან მხოლოდ “მოკავშირეების ურთიერთობა” აკავშირებდა.

ენმ-ის გადაწყვეტილებაზე შეფასებები რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან გაისმა. “ლეიბორისტულ პარტიაში”, რომლის ოფისშიც ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარების და საარჩევნო სისტემის საკითხზე თვეებია იკრიბებიან, მემორანდუმს უწოდებენ “კონტრაქტს ეშმაკთან”და აღნიშნეს, რომ ოქრიაშვილი და ჩოჩელი “ოპოზიციის მანტიით მიილტვიან ხელისუფლებისკენ”.

“ათეული წლებია ქვეყანას ძარცვავენ, იტაცებენ სახელმწიფო ქონებას, ხრავენ ბიუჯეტს, ვაჭრობენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით, ყველა ხელისუფლების ოლიგარქიულ დასაყრდენად იქცნენ, ამათი მაჟორიტარული ვნებების გამო დაგვარბიეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და ახლა “ოპოზიციის მანტიით” კვლავ ძალაუფლებისაკენ მიილტვიან. ეს იგივეა, შეთანხმება გაფორმებულიყო ივანიშვილთან, კალაძესთან, ფარცხალაძესთან და ა.შ.  ოლიგარქია უნდა დამთავრდეს…” ,– აცხადებს გუგავა.

“ევროპული საქართველო”, რომლის ლიდერიც აგვისტოში აღნიშნავდა, რომ შეიძლებოდა, ეფიქრა დმანისში ოქრიაშვილისთვის კანდიდატურის არდაყენებაზე, პოზიციას არ იცვლის, თუმცა პარტიაში აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ დმანისი- წალკა-ბოლნისი-თეთრიწყარო მცხეთა-მთიანეთთან ერთად ის ოლქია, სადაც “ევროპულ საქართველოს” ძლიერი პოზიციები არ აქვს.

“შესაბამისად, ასეთ ოლქებში განვიხილავთ ვიღაცის მხარდაჭერას”, – აღნიშნავს ის.

თარხნიშვილის თქმით, კახა ოქრიაშვილი “ევროპული საქართველოს” თანაგუნდელი არ არის და ვერც იქნება, პარტიასა და მას შორის არსებული “პრინციპული განსხვავებების” გამო.

” “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიჩნია, რომ ეს პრინციპული განსხვავებები არ არის მნიშვნელოვანი, ან არც აქვთ ეს პრინციპული განსხვავებები. ეს მათი საქმეა და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მაგრამ ვიმეორებ, ენმ ერთ-ერთი ის პარტიაა იმ 30 პარტიასთან ერთად, რომელიც ზის მრგვალი მაგიდის გარშემო. ასე მივიღეთ თითქმის პროპორციული სისტემა, პოლიტპატიმრების ნაწილი გარეთ, შეთანხმება თბილისში და ერთიანი სტრატეგია საარჩევნოდ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ იქ, სადაც არ გვყავს ძლიერი კანდიდატები, რაღაც ხელოვნურის მოფიქრების ნაცვლად, რომელიმე [სხვა] კანდიდატს – და დღეს გამოჩნდა, რომ ოქრიაშვილი მათი კანდიდატი იქნება –  შესაძლოა, არ დავუყენოთ ადამიანი და აქტიური ან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მას”, – აღნიშნავს თარხნიშვილი.

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ჯერ 20 ივნისის მოვლენების თანმდევი აქციების დროს, მერე კი პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის ჩაგდების მომდევნო პერიოდში ითხოვდა. შესაბამისად, მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ოქრიაშვილი და სხვები “არანაირ სიმპათიას არ იმსახურებენ” მოძრაობის მხრიდან, თუმცა პარტიებმა უნდა გააკეთონ ის, “რასაც სტრატეგიულად და მომგებიანად ჩათვლიან”.

“ჩვენს თვალში მთელი ოპოზიციური სპექტრი, შესაძლოა, დისკრედიტირებული იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება, რომელიც რუსული ორბიტისკენ მიაქანებს ქვეყანას, ვამჯობინოთ ჭრელ ოპოზიციურ ერთობას-პროპორციული არჩევნების საშუალებით დამდგარ ისეთ სიტუაციას, როცა არცერთი პარტიაა წამყვანი და ძალაუფლება არის გადანაწილებული. ამაში მეტ სიკეთეს ვხედავთ, თუნდაც მიუღებელი პერსონაჟების მონაწილეობით, ვიდრე აღვირახსნილ ერთმმართველობაში”, – აღნიშნავს ის და ამატებს:

“პარტიას თავის ამომრჩეველთან რა კომუნიკაცია ექნება, მისი სადარდებელია. რახან ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ესე იგი, ასე თვლიან და ყველა პარტია თავის ჭკვიანურ და სულელურ ნაბიჯებში თავისუფალია, თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

ჩემი დაკვირვებით, რახან ვხედავთ ხელუსიფლების მიმართ ლოიალური ადამიანების გადალაგებას ოპოზიციის მხარეს, ეს გარკვეულწილად ინდიკატორიც არის, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი [აქვს]. ხელისუფლების მედროვე ნაწილი ასე ფიქრობს და ასე ეძებენ ახალ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რაც იქნება, საკუთარ ადგილს”.

როგორ აუხსნის “ნაციონალური მოძრაობა” თავის ამომრჩეველს ოქრიაშვილთან ალიანსს და დააზიანებს თუ არა პარტიას ამ ადამიანის პოლიტიკური წარსული ელექტორატის თვალში? ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს ფაქტორი ამომრჩევლისთვის “განსაკუთრებული კომპრომატი არ იქნება”, ვინაიდან  “ასეთია დამკვიდრებული თამაშის წესები საქართველოში” და ეს არავის უნდა გაუკვირდეს.

“ჩემი აზრით, თუ საარჩევნო არითმეტიკის კუთხით მივუდგებით საკითხს, ეს უფრო პლუსი იქნება “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ვიდრე მინუსი. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს ოლქი, სადაც ოქრიაშვილის პირადი რესურსები არის ძალიან დიდი და ეს ენმ-ს, რა თქმა უნდა, წაადგება. ის, რომ მისი ამომრჩეველი ამას ალმაცერად შეხედავს, მე ასე არ ვფიქრობ. …ოქრიაშვილი არის ადამიანი, რომლის ამოცანაა, იყოს პარლამენტში და მეტ-ნაკლებად აქცენტს აკეთებს მაჟორიტარობაზე, არა პარტიის წევრობაზე, და სხვადასხვა მეთოდებით აკეთებს ამას. ახლაც იგივეა. მან ჩათვალა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ის გადააგდო ცნობილი პერიპეტიების დროს და შეიძლება, რაღაც ისეთიც არის, რაც ჩვენ არ ვიცით და მან გადაწყვიტა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში მაჟორიტარების ამოცანაა, აკეთონ პოლიტიკიდან ბიზნესი და პირიქით. ამ კონტექსტში საუბრობს ის ოქრიაშვილზეც, თუმცა ფიქრობს, რომ ის, ზოგ შემთხვევაში, სხვა ასეთ მაჟორიტარებზე პრინციპული აღმოჩნდა, როდესაც ბოლომდე შეეწინააღმდეგა პროპორციულ სისტემას.

“ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და მაჟორიტარულ პერიპეტიებთან დაკავშირებით ჯერ ერთს ამბობენ, მერე მეორეს… ოქრიაშვილმა პრინციპულობა შეინარჩუნა ბოლომდე, ბოლომდე წინააღმდეგი იყო [პროპორციული სისტემის]. მე არ ვეთანხმებოდი მის ამ მოსაზრებებს, მაგრამ მას ეს პოზიციები არ შეუცვლია იმის მიხედვით, ზემოდან ვინ რა უთხრა”.

“ამ შემთხვევაში, ენმ-ის სტრატეგია არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიმხროს და მნიშვნელობა არ აქვს, ის წარსულში მისი მოწინააღმდეგე იყო თუ არა, ან რა დოზით ეწინააღმდეგებოდა მას”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას.

მას გუბაზ სანიკიძის, მურმან დუმბაძისა და “რესპუბლიკელების” მაგალითი მოჰყავს, რომლებიც წარსულში აქტიურ ოპოზიციაში ედგნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა, მისი თქმით, ამჟამად პარტიისთვის მნიშვნელობა დაკარგული აქვს როგორც პოლიტიკურ წარსულს, ისე იდეოლოგიას.

“ოქრიაშვილი იყო პროპორციულის ჩაგდების ერთ-ერთი მოთავე. ლოგიკური არ არის, რომ რამდენიმე თვეში ასე სწრაფად შეიცვალა პოზიცია და შეტრიალდა. ესე იგი, სხვა რამეშია საქმე და ეს უკავშირდება პოლიტიკურ მოგებას. ენმ-ს ეს არ ანაღვლებს, როგორც ვხედავთ. წესით, ბევრს არაფერს დაკარგავს, რადგან აქამდეც ამ სტრატეგიით მიდიოდა და სტაბილურად ინარჩუნებდა თავის ამომრჩეველს”, – აღნიშნავს ცხადაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი აზრით, ენმ-ის მიზანი ახლა არის ის, რაც “ქართული ოცნებას” ჰქონდა 2012 წელს, როცა ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ ბევრი პოლიტიკური ძალა შემოიკრიბა, თუმცა ბოლოს, როცა რიგი საჭიროებები აღარ არსებობდა, მარტივად დაშალა კოალიცია ისე, რომ მისდამი ერთგული ადამიანები მაინც უმრავლესობაში დარჩნენ.

“ახლა უკვე იგივე რაღაცის გაკეთება ახალ ძალას გაუჭირდება. ყველა სხვადასხვა პარტიას ცალკე მანდატები ექნება. “ევროპულ საქართველოს”, “ლელოსა” და სხვა პარტიებს თავიანთი მანდატები ექნებათ. ასეთი კოალიცია ბევრად უფრო მყიფეა და მეტ კონსენსუსს საჭიროებს”, – ამბობს ის.

გიორგი ცხადაია არ ფიქრობს, რომ ზემოხსენებული ერთობა დიდხანს იარსებებს. მისი აზრით, ეს უკავშირდება ინტერესთა დამთხვევას მოცემულ მომენტში და არა გრძელვადიან პერსპექტივაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი