ახალი ამბები

ცეზარ ჩოჩელი “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება — ვაშაძე

4 სექტემბერი, 2020 • 2103
ცეზარ ჩოჩელი “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება — ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი  საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ოლქში იქნება ჩოჩელი მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ცნობილია, რომ ჩოჩელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მცხეთის მაჟორიტარობაზე კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა.

ამის შესახებ ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც დღეს, 4 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ კახა ოქრიაშვილისა და  ცეზარ ჩოჩელის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკს “ძალა ერთობაშია” უერთდება.

“უნდა გავფართოვდეთ და იმის გარეთ გავიდეთ, რაც აქამდე იყო გაერთიანებული ოპოზიცია. მოლაპარაკებები გრძელდება, გადაწყვეტილებებს გაიგებთ, ცეზარ ჩოჩელიც მაჟორიტარი იქნება”, — განაცხადა ვაშაძემ.

ცეზარ ჩოჩელმა 1991 წელს ჩამოაყალიბა ფირმა „ლომისი“ და 2002 წლამდე დირექტორის თანამდებობა ეკავა. ცეზარ ჩოჩელი იყო ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალგორის რაიონის გამგებელი.

2003-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 2008-2012 წლებში- სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და “პროგრესი და თავისუფლების” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა დღეს მოაწერეს ხელი.

როგორც ოქრიაშვილმა განაცხადა, “პროგრესი და თავისუფლება” იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება საუკეთესო ბიზნესგარემო.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა გუნდს“.

დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო, აცხადებს, რომ ამ პარტიების შეცდომებზე და დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს.

“მე პოლიტიკაში მოვხვდი როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, საინიციატივო ჯგუფით, და ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან მაკავშირებდა ურთიერთობა, ამას უფრო მოკავშირეების ურთიერთობას დავარქმევდი და არა – წევრობას. ახლა გავხვდი პარტიული და წარმოვადგენ “პროგრესი და თავისუფლებას”. თუ რომელიმე პარტიასთან მაკავშირებდა მოკავშირეობა წარსულში, მე არასდროს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, შეცდომებზე ან დანაშაულზე, რომელიც წარსულში იყო – 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდეგ. ვერ გავიზიარებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც იყო 2012 წლამდე ბიზნესთან დაკავშირებით და ვერც იმას გავიზიარებ, რაც იყო გავრილოვის დღესთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი