არასამთავრობო ორგანიზაციის განცხდებით, „პატრიოტი 2012”-ში მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის დღემდე ბუნდოვანი და გაურკვეველია.
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის სახელზე შედგენილი განცხადების თანახმად, რომელსაც 700-მდე ხელმომწერი ჰყავს, სტუდენტები რექტორისგან პროგრამის დეტალების განსაჯაროებას ითხოვენ. უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 49 სტიპენდიანტიდან ანაკლიაში თითქმის არავინ წაუყვანიათ.
ამასთანავე, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სამმა წევრმა დაგვიდასტურა, რომ პროგრამაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ თვითმმართველობის წევრები და მათთან დაახლოვებული პირები. ამ მიზნით წინასწარ დგება სიები, რომლებიც შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან თანხმდება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მსგავსი სიტუაციაა სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საავიაციო უნივერსიტეტი და სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), სადაც მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის თხოვნით და მათთან შეთანხმებით უნივერსიტეტების თვითმმართველობების მიერ დგება მონაწილეთა 90-კაციანი სიები. ასევე, პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების ის სტუდენტებიც, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციას პროგრამა „პატრიოტის” რამდენიმე მონაწილემ განუცხადა, რომ ახალგაზრდულ ბანაკში ყოფნის შემდგომ ორგანიზატორებმა წაიყვანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სადაც მათ შესთავაზეს პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრება და დაპირდნენ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, მათ შორის, უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ამასთანავე, მათი სამომავლო დასაქმების მიზნით სთხოვეს CV-ის გაგზავნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე, არღვევს ქართულ კანონმდებლობას და უგულებელყოფს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ მნიშვნელოვან ვალდებულებებს. კერძოდ:
- მოცემულ სიტუაციაში სტუდენტებისათვის ხდება უფასო მომსახურების გაწევა – ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება ყველა ხარჯის ანაზღაურებით, გასართობი ღონისძიებები და ა.შ. ეს ყველაფერი კი პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე მონაწილეებისთვის პირდაპირ ასოცირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, რაც აშკარას ხდის ამ ინიციატივის საარჩევნო კონტექსტს. თავის მხრივ, ასეთი ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად – ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს.
- ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ დახარჯული თანხები ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებასთან ერთად, პარტიისთვის უკანონო შემოწირულებაც არის. კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია შემოწირულების მიღება სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისაგან.
- ასეთი ქმედებები რიგ საერთაშორისო პრინციპებსაც არღვევს. სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის (1990) შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის მკაფიო გამიჯვნა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ასოცირდება პოლიტიკურ პარტიასთან და ემსახურება მის მიზნებს, რაც ცალსახად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გამოიკვლიოს ჩატარებული ახალგაზრდული ღონისძიებების მიმდინარეობა, მიზნები, დაფინანსების წყაროები, პოლიტიკური გაერთიანება – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მისი წარმომადგენლების ჩართულობა ამ პროცესში და გამოარკვიოს, ხომ არ არის სახეზე უკანონო შემოწირულება. ხოლო მთავარ პროკურატურას, მოიკვლიოს საქმის მასალები და გაარკვიოს, ხომ არ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა. ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას, მოახდინოს სათანადო რეაგირება და მოუწოდოს სახელმწიფო ორგანოებს თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისაგან.