“ნეტგაზეთმა” დუმბაძის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე მაჟორიტარი დეპუტატებობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა.
ბიძინა ივანიშვილს მურმან დუმბაძე არ წარუდგენია, თუმცა სიაში, რომელიც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაურიგეს, სწორედ ის იყო დასახელებული მაჟორიტარ კანდიდატად ბათუმში.
“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნონა ყანდიაშვილის განმარტებით, მურმან დუმბაძე ამ დროისთვის თბილისში არ იმყოფება. შესაბამისად, ის ვერ დაესწრებოდა წარდგენას. კი, ვადასტურებ, რომ იმ სიაში, რომელიც ჟურნალისტებს გადაეცათ, მურმან დუმბაძე დასახელებული იყო ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად”.
ყანდიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ორშაბათს კიდევ აპირებს მაჟორიტარების წარდგენას და “გაარკვევს, დასახელდება თუ არა დუმბაძე ორშაბათს კანდიდატად”.
კოალიციის მიერ მურმან დუმბაძის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება სოციალურ ქსელებში განხილვის თემა მისი ქსენოფობური განცხადებების გამო აჭარაში რესპუბლიკური პარტიის წევრ გიორგი მასალკინის მიმართ გახდა.
კერძოდ, მურმან დუმბაძემ “ობიექტივის” ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომელიც 31 მარტს ბათუმის “25-ე არხის” სტუდიაში შედგა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებას შეეხებოდა, “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მასალკინი, რომელიც პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს ამ აქციას გაემიჯნა, შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: “გიორგი მასალკინი არ არის გენით ქართველი. ვერ მიხვდა, რა არის საქართველო… ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი, რა არის? … ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირდარსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრის სასაფლაოა მთავარი”.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა 3 აპრილს “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ის გაარკვევს და შესაბამისი რეაგირებით უპასუხებს კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრის, მურმან დუმბაძის ქსენოფობურ გამონათქვამს რესპუბლიკური პარტიის წევრ გიორგი მასალკინთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ მურმან დუმბაძემ ქართულ საზოგადოებას და რესპუბლიკური პატიის წევრ გიორგი მასალკინს ქსენოფობური განცხადებისთვის ბოდიში მოუხადა.
მურმან დუმბაძე ერთ-ერთი ორგანიზატორია აქციებისა, რომელიც ბოლო დროს ბათუმში იმართება აზიზიეს მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგ. დაახლოებით ერთი წლის წინ ის რესპუბლიკურმა პარტიამ გარიცხა თავისი რიგებიდან ქსენოფობური გამონათქვამების გამო.
რესპუბლიკური პარტიის წევრობის შემდეგ მურმან დუმბაძე გახდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს” წევრი. 2011 წლის მაისში ის მონაწილეობდა “სახალხო კრების” მიერ ორგანიზებულ აქციებში. 26 მაისს, აქციის დაშლისას ის სამართალდაცავებმა დააკავეს. დუმბაძემ განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ სცემეს. გავცელდა “ბიბისის” ვიდეომასალა, სადაც დუმბაძე დაკავებისას ნაცემად არ გამოიყურებოდა .