ახალი ამბები

“ოცნების” 5 კანდიდატი წარსულში ენმ-ის შემომწირველი იყო

21 ივლისი, 2020 • 2580
“ოცნების” 5 კანდიდატი წარსულში ენმ-ის შემომწირველი იყო

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან 5 წარსულში “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი იყო.

ინფორმაცია ამის შესახებ სახლმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში იძებნება.

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატს, დეპუტატ ბექა ოდიშარიას 2012 წლის ივნისში “ნაციონალური მოძრაობისთვის” 35 000 ლარი აქვს შეწირული. 2016 და 2018 წლებში კი მას ფულადი შემოწირულება პარტია “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის მიმართ უფიქსირდება.

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატს, დეპუტატ დავით სონღულაშვილს 2012 წლის 11 სექტემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” 7 000 ლარი აქვს შეწირული.

სამი მოწვევის პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, “ქართულ ოცნებაში” “ნაციონალური მოძრაობიდან” გადავიდა. 2012 წლის ივლისში მას ენმ-ისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული.

“ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველებს შორისაა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ხახუბია. 2012 წლის აგვისტოში მას “ნაციონალური მოძრაობისთვის” 10 000 ლარი აქვს შეწირული.

6 500 ლარი აქვს შეწირული “ნაციონალური მოძრაობისთვის” 2012 წლის ივლისში ანზორ ბოლქვაძეს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში. ის 3 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 წელს ხულოს მაჟორიტარულ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყარა კენჭი.

“ქართულ ოცნებაში” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ წარსულში “ნაციონალურ მოძრაობის” სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულებების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

“ნეტგაზეთმა” მხოლოდ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან გასაუბრება მოახერხა. მან არ დააკონკრეტა, იყო თუ არა ენმ-ის მხარდამჭერი და თქვა, რომ ერჩივნა 7 000 ლარი გადაეხადა, ვიდრე მისი ახლობლების ირგვლივ “სხვა მოცემულობა” შექმნილიყო.

“ზეწოლად გაფორმება არ იქნება სწორი. უბრალოდ, 7 000 ლარის გაცემა მერჩივნა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოცემულობა ჩემი ახლობლების ირგვლივ, ამიტომ ასე მოხდა ეგ ამბავი”, – განაცხადა სონღულაშვილმა.

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი