საზოგადოება

“სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა ღირსებასა და სოლიდარობას” — ზურაბიშვილი “ოცნებას” აკრიტიკებს

9 თებერვალი, 2023 • 1473
“სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა ღირსებასა და სოლიდარობას” — ზურაბიშვილი “ოცნებას” აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს, სავარაუდოდ, უკრაინის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, უკანასკნელ დღეებში გახმიანებული გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის განცხადებებთან.

“ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს, ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა.

ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.

ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება”, – დასძინა ზურაბიშვილმა 9 თებერვალს.

პრეზიდენტის მიერ ნახსენები სიტყვა “დეფეტიზმი”(defeatism) აღნიშნავს ქცევას ან დამოკიდებულებას, რომელიც მარცხთან შეგუებას, მარცხის მოლოდინს აჩვენებს.

ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ხელისუფლების რომელ განცხადებებს გულისხმობს.

რამდენიმე საათით ადრე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი