ბიძინა ივანიშვილის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გაკეთებული განცხადება, რომ არჩევნების 30– პროცენტიანი გაყალბების შემთხვევაში კოალიცია „ქართული ოცნება“ ქუჩის აქციებს დაიწყებს და ამ გზით დაიცავს საკუთარ ხმებს, NDI -ის კვლევაში მოხვდა.
კითხვაზე, „არჩევნების გაყალბების შემთხვევაში დაუჭერთ თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილის ამ მოწოდებას,“ გამოკითხულთა 27% -მა დადებითად უპასუხა.
პოლიტოლოგ გია ნოდიას განმარტებით, ივანიშვილის აღნიშნული განცხადება იმის დასტურია, რომ ის ემზადება იმისთვის, რომ არჩევნებში სასურველი შედეგი არ მიიღოს. აქვე ნოდია 27 % – იან მაჩვენებელს, რომელიც კვლევამ გამოავლინა „საკმაოდ მაღალს“ უწოდებს.
„მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ამომრჩეველი გამოვა აქციებზე, მხარდაჭერა პირდაპირპროპორციულად აქციებში მონაწილეობას არ გულისხმობს,“- აცხადებს ნოდია.
27% -იან მაჩვენებელს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი საინტერესოდ სხვა ფაქტორის გამო მიიჩნევს.
„ეს შედეგები იმით არის საინტერესო, რომ 27 % პრაქტიკულად ივანიშვილის მხარდამჭერი გამოდის და ამ გამოკითხვის შესაბამისად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული რეიტინგი სწორედ ამ რიცხვის ფარგლებში იქნება,“- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
ამასთან, სოციოლოგი არ გამორიცხავს, რომ გამოკითხულთა აღნიშნული რაოდენობა არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერდეს მხარს, არამედ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასა და აქციების გზით საკუთარი ხმების დაცვას.
გია ნოდიას მსგავსად, იაგო კაჭკაჭიშვილისთვისაც 27 % დაბალი მაჩვენებელი არ არის.
„მაგრამ სხვა საკითხია, ადეკვატურად ასახავს თუ არა ეს რიცხვი ამ კოალიციის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერას. სასურველი იქნებოდა, ამ საკითხზე სხვა კვლევების შედეგებიც გვქონოდა,“- აცხადებს სოციოლოგი.
თუ შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკუთარი ხმების დასაცავად ამომრჩეველთა 27 % რეალურად გამოვა, პოლიტოლოგი გია ნოდია 2003 წელს განვითარებული მოვლენების განმეორებას არ გამორიცხავს.
“თუ ბევრმა ადამიანმა მოითხოვა ხელისუფლების გადადგომა, რისკები არსებობს იმისა, რომ “ვარდების რევოლუციის“ სცენარი განმეორდეს. 2003 წელსაც, სანამ არჩევნები არ ჩატარდა,, შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით არავინ გამოსულა,“- აცხადებს ნოდია.
ის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში სულ უფრო მეტი მოქალაქის ინტერესში შედის, NDI-ის სამი კვლევის შედეგი მოწმობს.
თუ 2011 წლის სექტემბრის ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 51% გეგმავდა, 2012 წლის თებერვლის მონაცემით, ეს რიცხვი 64 %-მდე გაიზარდა, ხოლო NDI-ის მიერ ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არჩევნებში მონაწილეობას 75% აპირებს.
„მივდივარ არჩევებზე, ავტომატურად იგივე ქცევას არ ნიშნავს – განწყობიდან ქვევამდე კიდევ არსებობს ბარიერები, თუმცა ფაქტია, რომ მოახლოვებულ არჩევნებში მაღალი აქტივობა იქნება და ამომრჩეველი აცნობიერებს არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ამ ბოლო კვლევამ ამის ძალიან მაღალი მზაობა აჩვენა,“- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
რას ფიქრობენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები NDI -ის კვლევის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.
კოალიციის წევრმა, თეა წულუკიანმა ნეტგაზეთთან საუაბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ კვლევაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა ამის მიზეზი არ აუხსნია.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) 10 ივლისს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ეხება საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს, მათ შორის –არჩევნებს, მედიას, ივანიშვილის მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებას, საგარეო პოლიტიკიას და ა.შ.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.