ახალი ამბები

თეა წულუკიანი: მერაბიშვილის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში თავიდან დაიწყება

17 ოქტომბერი, 2016 • 2206
თეა წულუკიანი: მერაბიშვილის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში თავიდან დაიწყება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკინის განხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში არ შევა, არამედ ამ საქმის განხილვა დიდ პალატაში თავიდან დაიწყება:

“ჩვენ დღეს სტრასბურგის სასამართლოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში, ის მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატში ამ საქმის განხილვა დაიწყება თავიდან”,- განაცხადა წულიკიანმა, დღეს, 17 ოტომბერს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

წულუკიანის განმარტებით, მთავრობამ სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული პუნქტის გამო გაასაჩივრა, რომელიც ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა:

“ჩვენ წარვადგინეთ არგუმენტები, რომლის თანახმადაც, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პალატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მთლიანად ეწინააღმდეგებოდა სტრასბურგის სასამართლოს მრავალი წლის მანძილზე მყარად დადგენილ პრეცედენტულ სამართალს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ სრულიად კანონიერად მიიჩნია მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, თუმცა დაუჯერა მის სათუო გამონათქვამებს, ზედაპირულ განცხადებებს და ჩათვალა, რომ საკნიდან გაყვანა შესაძლოა მართლაც მომხდარიყო”,- განაცხადა თეა წულუკიანმა

14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას:

  • მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა სასამართლომ ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან. ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი ეხება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო მესამე პუნქტში წერია:  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით. პირველი მუხლის (c) ქვეპუნტი გულისხმობს: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა
  • მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”. ამ მუხლთან დაკავშირებით მომჩივანი მხარე, ანუ ვანო მერაბიშვილი მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ის ჩამოეცილებინათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა დაესუსტებინათ მისი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ხელი შეეშალათ მისი მიზნისთვის, რომ ის ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს.

ამას გარდა:

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მომჩივან მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ემატება ყველა შესაბამისი გადასახადი; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი