“ამომრჩეველთა ლიგის” მიმდინარე სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები ცხადყოფენ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ჯერჯერობით მინიმუმ 18–დან მაქსიმუმ 23%–მდე არსებული უზუსტობები უცვლელი ტენდენციაა. ეს არის ამომრჩეველთა ხმების ფალსიფიკაციის საფუძველი”, – ამბობს “ლიგის” დამფუძნებელი კოკა გუნცაძე.
“ამომრჩეველთა ლიგა” საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას უნდობლობას უცხადებს და საარჩევნო სიების გადასამოწმებლად, ალტერნატიული “კარდაკარის” აქციას თვითონ აწარმოებს.
ამომრჩეველთა სიის გადამოწმებას, გუნცაძის განცხადებით, გამოვლინდა უზუსტობები. კერძოდ, სიაში ცვლილებს საჭიროებს და დასადგენია 30 189 ამომრჩეველის ვინაობა, მაგრამ თუ ამას დაემატებიან ისინი, რომლებთანაც კონტაქტი არ მყარდება, მაშინ ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ უზუსტობა 23,52%-მდე გაიზრდება, რაც ამომრჩეველთა ხმების ფალსიკიფაციის წინაპირობაა.
გუნცაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული სიით სარგებლობდა კაციტაძის ამომრჩევლთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია “კარდაკარის” პროექტის განხორციელებისას და მისთვის გაურკვევლია თუ რატომ არ გახდა ცნობილი უზუსტობების არსებობის შესახებ.
“ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე განმარტავს, რომ საბოლოო დაზუსტებული სია ჯერ–ჯერობით არ არის საჯარო, ხოლო სიებში განხორციელებულ არცერთ შესწორებას დღის სინათლე არ უნახავს, შესაბამისად “ყველა ის ღონისძიება, რომელიც ჩვენს მიერ იქნა განხორციელებული მხოლოდ დამუშავების პროცესშია და ელემენტარულად შემიძლია გითხრათ, რომ ცალკეულ ორგანიზაციებს შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოსახლეობა, როდესაც ამბობენ თითქოსდა პარალელური კარდაკარის დროს მათ ხელთ არსებული სიები არის უკვე ჩვენი კომისიის მიერ გადამოწმებული და მაინც მოიცავს ცდომილებებს,”, – აღნიშნავს კაციტაძე.
მისივე თქმით სიის საბოლოო გადამოწმებული, განახლებული ვერსია პირველი აგვისტოსთვის გახდება საჯარო.
რა სიებით ხელმძღვანელობენ პარალელური კარდაკარის რეგისტრატორები უზუსტობების აღმოჩენისას?
“ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, სია, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ ერთადერთია და ის “სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის” მიერ არის მიწოდებული.
“რეესტრის მიერ გადმოცემული სიებია და პირადად ჩვენ კაციტაძის კომისიამ გადმოგვცა ეს სია. ჩვენ ვადგენთ უზუსტობებს ამ სიაში. რეესტრის სიას კაციტაძის კომისიაც ამოწმებს და ჩვენც. კაციტაძის კომისია სტატისტიკურ მიმდინარე მონაცემებს არ აცხადებს, ჩვენ ვაცხადებთ”, – ამბობს გუნცაძე.
ის ფაქტი, რომ “სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის” პირველად სიებს იყენებენ “ქართული ოცნებისა” და “ამომრჩეველთა ლიგის” რეგისტრატორები, მამუკა კაციტაძეც ადასტურებს.
“ის რომლითაც ტარდება, როგორც “ქართული ოცნების”, ასევე “ამომრჩეველთა ლიგის” კარდაკარი არის სიის ის პირველადი ვერსია, რომელიც შეიქმნა ამ კომისიაში, და გახდა ჩვენი კარდაკარის პირველი საწყისი ვერსია, რომელშიც ახლა გაკეთდა 1 100 000–ზე მეტი შესწორება. ამიტომ პირველადი, უვარგისი, დასაზუსტებელი ვერსიით დღეს მოსახლეობასთან მისვლა და თქმა იმისა, რომ ამ კომისიამ ვერაფერი გააკეთა და ჩვენ ვაკეთებთ ამასო, ტყუილია”, – აღნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კაციტაძე.
დღესვე კაციტაძემ კარდაკარის შედეგების რამდენიმე წინასწარ მონაცემზეც ხაზგასმით ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ რეგისტრატორების მიერ გადამოწმდა 3 მილიონ 437 314 საქართველოს მოქალაქე, რაც საერთო რაოდენობის 99,2%-ია. დაახლოებით 27 000 ამომრჩეველი ჯერ კიდევ ვერ გადამოწმდა.
“დამისამართების პრობლემის გამო დედაქალაქში, მედია ჩახავას 34–ში, (ყოფილი პავლოვის 34–ში) ვერ განხორციელდა ჩვენი რეგისტრატორების შესვლა. ასევე საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოს 12 საარჩევნო უბანზე ვერ მოხდა 14000 ამომრჩევლის სიაში აღრიცხვა”, – აცხადებს კაციტაძე და აქვე დასძენს, რომ მსგავსი მისამართები კომისიისა და რეგისტრატორებისათვის დამატებითი ზრუნვის საგანი გახდება.
მისივე თქმით, რეგისტრატორთა მიერ კარდაკარის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა 16 ათასი გარდაცვლილი, რომელიც ჩარჩენილი იყო ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ასევე კომისიამ საზღვარგარეთ მყოფთა კატეგორიაში შეიყვანა მინიმუმ 300 ათასი მოქალაქე, ხოლო ე.წ. “მიწერილების” კატეგორიაში 135 ათასი მოქალაქე მოხვდა. ჯამურად ეს სამი სტატუსი დაახლოებით 450 ათას საქართველოს მოქალაქეს მოიცავს, რომელზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა”, – აღნიშნავს კაციტაძე და განმარტავს, რომ
- სიებიდან გარდაცვლილებს ამოიღებენ;
- 300 ათასამდე ამომრჩეველს გაუკეთდება მინაწერი – არის საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ მყოფ პიროვნებას ხმის მიცემის უფლება არ ჩამოერთმევა;
- ხოლო ე.წ. “მიწერილების” კატეგორიაში მყოფი ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიანი სიებიდან გამოცალკევდებიან. მათთვის ცალკე მაგიდა იქნება ყველა საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისათვის, ასევე ნებისმიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის.
“ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასთან” ერთად სიების გადამოწმებას და დაზუსტებას ასევე უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგა” და “ქართული ოცნება”.