“იყიდე ბამბის ნაყინი, რაა!”, “ცხენით გაგასეირნებთ, გინდათ?”, “ეგ ბუშტი თავიანვე გახეთქილი შემომასყიდე! მიეცი ბავშვს ახალი ბუშტი!”, “მოდი, ძმაო აქეთაც დაილოცე!” – 15-16 ოქტომბერს დედაქალაქში სახალხო დღესასწაულს, “თბილისობას” აღნიშნავენ.
“თბილისობის” ფარგლებში, ტრადიციისამებრ, თბილისის რამდენიმე წერტილში კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები იგეგმება. ყველა ღონისძიების ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი თბილისის მერიაა.
თბილისობა პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990 წელს ღონისძიებამ რამდენიმე წლით არსებობა შეწყვიტა და 1995 წლიდან კვლავ განახლდა. ტრადიციულად, სახალხო დღესასწაული ოქტომბრის მეორე ნახევარში, უქმეებზე ეწყობა და რამდენიმე დღე გრძელდება.
ბოლო წლების განმავლობაში თბილისობამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ეს დღე სხვადასხვაგვარ კულტურულ ღონისძიებებს აერთიანებს; ეწყობა ბაზრობა და სადეგუსტაციოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოაქვთ საჭმელი. გაჩნდა გიგანტური საწნახელის იდეა. ქეიფი კი (ქუჩებში თუ ტივებზე გაშლილი სუფრებით) დღემდე დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისობა ძირითადად თბილისის ძველ ნაწილში ეწყობა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, წელს თბილისობის დღესასწაულისთვის 1 მლნ. ლარზე მეტია გამოყოფილი, გასულ წელს კი ამ ღონისძიებისათვის 977 000 ლარი დაიხარჯა.
თბილისში სახალხო დღესასწაულების აღნიშვნას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, როგორც ისტორიკოსები და კულტურის სპეციალისტების ამბობენ, თანამედრობე თბილისობის ტრადიციას ძველთან არანაირი კავშირი არ აქვს. მას უფრო მეტად საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბადებულ და შემორჩენილ დღესასწაულად მიიჩნევენ.
თბილისში გასულ საუკუნეებში იმართებოდა ისეთი სახალხო დღესასწაულები, როგორებიც იყო: “ყაენობა”, ” ბერიკაობა” და “ისპანახობა”. მაგალითად, იოსებ გრიშაშვილი წერს, რომ “ყეენობა იყო მასიური, გრანდიოზული გასართობი, რომელსაც საერთო დღესასწაულის ხასიათი ჰქონდა”, და უფრო მეტად ევროპულ კარნავალს წააგავდა. ამ დღეს ქალაქი ორ ნაწილად იყოფოდა, ირჩევნენ ყაენს, რომელიც მთელი დღე ნადავლს აგროვებდა. ბოლოს ყაენს შეიპყრობდნენ, წყალში გადაისვრიდნენ, მისი ნადავლით კი რამდენიმედღიან ქეიფს მართავდნენ. 1882 წელს ქალაქის მთავრობამ ეს დღესასწაული აკრძალა, რომელიც მალევე ჩაანაცვლა “ისპანახობამ”. მეოცე საუკუნეში კი თბილისმა მსგავსი დღესასწაულების გამართვის ტრადიცია დაკარგა.
“თბილისის ჰამქარში” ამბობენ, რომ ყოველწლიურად “თბილისობის” აღნიშვნა შეიძლება კეთილ განზრახვას და ერთგვარი ტრადიციის შექმნის იდეას ატარებდეს, თუმცა ამისათვის დღესასწაულს შესაბამისი ტრუქტურა არ აქვს. ცირა ელისაშვილი გვიყვება, რომ ქალაქში მსგავსი ფესტივალის დაარსების იდეა ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნოდა და ყოველთვის ასოცირდებოდა შემოდგომით სოფლის ნობათის თბილისში ჩამოტანასა და სახალხო ქეიფთან.
“ამ ქალაქს აქვს რესურსი, რომ გაცილებით საინტერესო იყოს ეს დღესასწაული. უბრალოდ, ყველაფერი ძალიან ხელოვნურია. ამას არ აქვს ისტორიული კონტექსტი და საერთო რამე იმ ძველ სახალხო დღესასწაულებთან, რომლებიც თბილისში იმართებოდა. დღეს ეს ყველაფერი ასოცირდება მხოლოდ მწვადის სუნთან და კვამლთან,” – ამბობს ცირა ელისაშვილი.
თბილისობის პირველ საღამოს, 15 ოქტომბერს, ქალაქის მერმა, ტრადიციულად, “საპატიო თბილისელის” ტიტულით დააჯილოვა 10 ადამიანი.
“ძალიან ხელოვნურია ეს ტრადიციაც. რა კრიტერიუმებით ხდება მათი შერჩევა? თუ ეს დღესასწაული სახალხოა, რატომ არ ერთვებიან მასში თავად თბილისის მაცხოვრებლები? რატომ ვუკარგავთ მათ იმის შანსს, რომ თავად გადაუხადონ მადლობა თანამოქალაქეებს და მიანიჭონ ეს სტატუსი?” – ამბობს ელისაშვილი.
ვის და რატომ სჭირდება ამ დღესასწაულის არსებობა? მეიდანსა თუ “ახალ ტფილისში” შეკრებილები ნეტგაზეთთან საუბარში ღონისძიების გამართვის იდეას იწონებდნენ, რადგან თვლიან, თბილისი იმსახურებს, ჰქონდეს საკუთარი დღესასწაული, თუმცა მისთვის გამოყოფილი თანხები ზედმეტად მიაჩნიათ. ასევე, ევროპის მოედანზე, ლეღვთახევში, აღმაშენებლის გამზირზე მოწყობილ დახლებზე სხვადასხვა კომპანიას გასაყიდად გამოაქვს თავისი პროდუქცია, ან უფასოდ სთავაზობს მომხმარებელს დეგუსტაციისათვის, რაც ზრდის მათ ცნობადობას. მერიაში კი ამბობენ, რომ ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მსგავსი დღესასწაულების არსებობა მნიშვნელოვანია.
ღონისძიების პირველი დღე ევროპის მოედანზე ქართული მუსიკალური ბენდების კონცერტით დასრულდა. 16 ოქტომბერს კი მეიდანზე გალაკონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო” ჩატარდება. ამით “თბილისობა” ქალაქს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.