7 მარტს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციაზე გადაღებულმა ცნობილმა ფოტომ, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვხედავ ევროპას“ შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა.
ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძის მიერ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია პოლიციის წყლის ჭავლის წინ მდგომი ქალი ევროკავშირის დროშით (ნანა მალაშხია). აღნიშნულმა ფოტომ და ვიდეომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არაერთ ევროპელ პოლიტიკოსზე და მათ სოციალურ ქსელებშიც გაზიარდა.
ამიტომ, ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძისთვის გასაკვირია, რომ მისმა ფოტომ კონკრუსის შესარჩევი ეტაპიც კი ვერ გადალახა.
„მე უბრალოდ გაოცებული ვარ… როდესაც ფოტო ხდება „სიენენის“ კვირის მთავარი ფოტო და აკმაყოფილებს მის სტანდარტებს, აკმაყოფილებს „ნიუ იორკ თაიმსის“ კრიტერიუმებს, აკმაყოფილებს „ბიბისის“, „გარდიანის“, „ალ ჯაზირას“, „ბლუმბერგის“, „ვაშინგტონ პოსტის“ სტანდარტებს და უეცრად ვერ გაიარა ამ ორგანიზაციის კონკურსის შესარჩევი ეტაპიც კი“, – ამბობს ნეტგაზეთთან ზურა ცერცვაძე.
საინფორმაციო ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოების არჩევის კრიტერიუმებია:
ფოტოს თემატურობა; ტექნიკური მახასიათებლები (ექსპოზიცია; ველის სიღრმე; ფერი ან ტონალური გადმოცემა; კონტრასტი და განათება); ვიზუალური და ესთეტიკური მიმზიდველობა (განწყობა; ემოცია; შესაბამისობა; საგანი; გავლენა) და ზოგადი მახასიათებლები (ორიგინალობა; სტილი; კონტექსტი; კრეატულობა).
ზურა ცერცვაძე ფიქრობს, რომ მისი ფოტო კონკურსში პოლიტიკური მიზეზით არ მიიღეს. ვინაიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო ორგანიზაციაა, 7 მარტის აქცია კი ანტისამთავრობო იყო.
„თავიდან ძალიან გამიკვირდა, რომელი კრიტერიუმი ვერ დავაკმაყოფილე. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ორგანიზაცია წარმოადგენს მხარეს და ჩემი ფოტოს დაბლოკვის სავარაუდო მიზეზიც ეს იყო. გულდასაწყვეტია, როცა პოლიტიკური შეხედულებების გამო ფოტორეპორტიორს ბლოკავენ ფოტოკონკურსიდან“, – ამბობს ზურა ცერცვაძე.
როგორც საინფორმაციო ცენტრის Facebook-ის გვერდზე ვკითხულობთ, ფოტოკონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, 167 საკონკურსო ფოტოდან 13 ფოტო შეირჩა და საკონკურსო ალბომში განთავსდა.
ნეტგაზეთმა სცადა საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება, რათა გაერკვია, რომელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა ზურა ცერცვაძის ფოტო. თუმცა მათ არ უპასახუს ნეტგაზეთის ზარებსა და შეტყობინებას. მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ის სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ცენტრის ხელმძღვანელი თამარა წულეისკირია, რომლის ქმარიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობიაშვილია
კობიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატთა შორის, რომელმაც „რუსულ კანონს“ პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა და ამის გამო საზოგაოდების ნაწილის კრიტიკაც დაიმსახურა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა წულეისკირმა და დაწერა:
„ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც. ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში. მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს!“, – დაწერა წულეისკირმა.
განახლება: დღის ბოლოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა განცხადება გაავრცელა. ცენტრის განცხადებით, ზურა ცერცვაძის ფოტო ბოლო პერიოდში მაღალი ცნობადობით სარგებლობდა და კონკურსში მისი მიღება სხვა კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებდა. მათი განცხადებით, ჟიურიმ აქამდე უცნობი 13 ნამუშევარი შეარჩია.
საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხის უსაფუძვლო პოლიტიზირება მოხდა.
მთავარი ფოტო: 7 მარტს ზურა ცერცვაძის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც მან ფოტოკონკურსში გააგზავნა.