ახალი ამბები

ჭიაბერაშვილმა მედპერსონალის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტი დაგმო

30 ივნისი, 2012 • 1011
ჭიაბერაშვილმა მედპერსონალის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტი დაგმო

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქუთაისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების– დავით გიორხელიძისა და ირმა სარალიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაგმო.

 

“დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება. საგანგაშოა, როდესაც ექიმი ან ექთანი ხდება პაციენტის ახლობლების აგრესიის ობიექტი. პერსონალი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულება, ვერ შეძლებს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს პაციენტს,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 29 ივნისს ქუთაისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.

 

“ასათიანის ქ. #145-ში მცხოვრები ჩეჩელაშვილების ოჯახი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს – 112-ს 00:37:22 საათზე დაუკავშირდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ოჯახი პერიოდულად უკავშირდებოდა 112-ს და გამოძახების დაჩქარებას თხოვდა. ოჯახის ბოლო ზარი 00:55:28 საათზე დაფიქსირდა, სადაც ოჯახის წევრებმა ახსენეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მივიდა მისამართზე.

 

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ავადმყოფი, 84 წლის ქალბატონი, გარდაცვლილი დახვდა. 01:02:41 წუთზე 112-ში უკვე თავად სასწრაფო დახმარების ექიმმა დარეკა, საკუთარი ცემის ფაქტი დააფიქსირა და პატრული გამოიძახა.

 

ექიმმა დავით გიორხელიძემ მიღებული დაზიანებებისგან თვალი დაკარგა. მას შესაბამისი ოპერაცია ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო სასწრაფო დახმარების ექთანმა ირმა სარალიძემაც.

 

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება,”– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი