უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დევნილთა ახალაშენებული კორპუსების დიდ ნაწილში კედლები დაიბზარა და ნესტისგან გაშავდა, გაუმართავი საკანალიზაციო ქსელის გამო კი დაიტბორა სარდაფები.
პრობლემის მოგვარების პროცესში ფოთის მერია ჩაერთო, აღიწერა დაზიანებული კორპუსები და დეფექტების აღმოფხვრის მიზნით ის კომპანიები გამოიძახეს, რომლებმაც ააშენეს და გაარემონტეს დევნილთა საცხოვრებელი სახლები ფოთის ახალ რაიონში.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა “სანი”:
“სანის” მიერ აშენებულ ყველა კორპუსში ვასწორებთ დაზიანებებს. მოგეხსენებათ, გაბზარულ კედელს სჭირდება დამუშავება, შემდეგ დრო უნდა, რომ გაშრეს და გადაიღებოს და პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს. ხალხს უნდა, უცებ გაკეთდეს, მაგრამ ასე არაა, ერთი კვირა მაინც უნდა გაშრობას, შემდეგ კი ვღებავთ. ჩვენ 18 კორპუსი ივლისის ბოლომდე უნდა დავამთავროთ. აღიწერა ადგილზე დეფექტები, დანიის ლტოლვილთა საბჭომაც გადმოგვცა სიები. იმის მიხედვით მივყვებით და ვაკეთებთ”, – აცხადებს “სანის” წარმომადგენელი შოთა აროშიძე.
აროშიძე ამბობს, რომ მისი კომპანია შესრულებული სამუშაოების ხარსხზე დამკვეთის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინაშეა ანგარიშვალდებული.
“სარდაფის გაკეთებისას დაზიანდა წყლის მილი და ამასაც ჩვენ ვაკეთებთ. წესით, არ არის ჩვენი გასაკეთებელი. აქ ისეთი პრეტენზიები აქვთ მაცხოვრებლებს, რაც საერთოდ არ გვეხება და არ გვევალება”, – აცხადებს აროშიძე.
“სანის” გარდა, ფოთში კორპუსებს არემონტებენ სხვა ფირმებიც – თბილისური კომპანია “პაუ შულერი” და ქუთაისის “იბერია 21”.
“ქუთაისის ფირმის წარმომადგენლებმა გვითხრეს, კედლების გაღებვა ჩვენ არ გვევალება და ვერც შევღებავთო. კედლები დახეთქილია. ალბათ, წაუსვამენ “შპაკლს” და მორჩება ამით. “შპაკლის” გასმა რა რემონტია? ეს ისევ ჩამოცვივდება, ონკანებს გააკეთებენ და ისევ წვეთავს იმიტომ, რომ უხარისხო მასალით აკეთებენ. ლამინირებული იატაკი ამობურცულია. ერთხელ გააკეთონ და ხარისხიანად, არ ჯობია?” – ამბობს ფოთის ახალ რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი.
დევნილები აცხადებენ, რომ მათზე ხორციელდება მუქარა:
“გვემუქრებიან, ვინც ხელს არ მოაწერს საბუთზე, რომ მათ კორპუსში ყველაფერი კარგადაა და კმაყოფილი არიან, მათ ბინებს არ დაუკანონებენო.“
“გვეუბნებიან, რომ ეს სახლები სექტემბრიდან გაგვიფორმდება როგორც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართი და არა – საკუთრება”, – ამბობს ფოთის ახალ რაიონში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ხათუნა ჭითანავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ფოთის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ლუიზა ჯოლოხავა აცხადებს, რომ ქალაქის თვითმმართველობა აქტიურად მონაწილეობს ახალი რაიონის დევნილების პრობლემების მოწესრიგების პროცესში:
“ჩვენ გავხსენით კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები, ასევე, ტარდება ტრენინგები სამუშაოს მაძიებელთათვის. დავასაქმეთ რამდენიმე ადამიანი. ყველანაირად ვუწევთ შუამდგომლობას დევნილებს ყველა პრობლემის მოგვარებაში, თუმცა ძნელია ერთბაშად ყველას დასაქმება. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება”.