ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილე: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია

7 ოქტომბერი, 2016 • 1530
შს მინისტრის მოადგილე: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთების ფაქტი გახსნილია. აღნიშნულის შესახებ ამირანაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას განაცხადა, როცა გლდანში იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტულად კი, ბინის ჩხრეკა.  შს მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია არც იმ პირის ვინაობა, ვინც საქმეში ფიგურირებს და არც ის, დაკავებულია თუ არა აღნიშნული პირი.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია, 3 დღის განმავლობაში, თითქმის უწყვეტ რეჟიმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირი, ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”,- განაცხადა ბესიკ ამირნაშვილმა

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი