ახალი ამბებისამართალი

გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

26 თებერვალი, 2019 •
გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 26 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში დეპუტატ გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელლობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში ბრალდებულ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.ხ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის I ნაწილის “გ”, II ნაწილის “ე” და III ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 236 მუხლის II, III და IV ნაწილებით, და 187 მუხლის II და III ნაწილებით.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა დ.ხ- მ გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად პარლამენტის წევრის, გიორგი (გივი) თარგამაძის მკვლეობა განიზრახა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით ამ უკანასკნელზე თავდასხმას. კერძოდ, როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდებულმა გიორგი თარგამაძის “შკოდა ოქტავიას“”მარკის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

2016 წლის 04 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, თბილისში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან გამოვიდა გიორგი თარგამაძე. დ.ხ. დარწმუნდა, რომ “შკოდა ოქტავიას” მარკის ავტომანქანაში ისხდნენ გიორგი თარგამაძე და მძღოლი დავით ვარდოსანიძე. როდესაც ავტომანქანამ გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება და მიუახლოვდა ვეკუას ქუჩა N1-ის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილას, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დ..-მ გიორგი თარგამაძისა და დავით ვარდოსანიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მოკვლის მიზნით, “შკოდა ოქტავიაზე” წინასწარ მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოიყვანა მოქმედებაში, რის შედეგადაც ავტომანქანა აფეთქდა. ბრალდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. აფეთქების შედეგად დაზიანდა მოქალაქეების და ორგანიზაციების ავტომანქანები, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია.”

გამოძიების ინფორმაციით, დ.ხ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და იძებნება საერთაშორისო წითელი ცირკულარით:

მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ჩხრეკის ოქმებით, დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებებით, ბიოლოგიური, პიროტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმის მასალების საერთო ანალიზით.”

მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე დ.ხ-სთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიმართ. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის თანამზრახველების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი