ახალი ამბები

გიორგი ახვლედიანი: გივი თარგამაძით ბევრი ადამიანია უკმაყოფილო და აფეთქება შეძლება შურისძიება იყოს

5 ოქტომბერი, 2016 •
გიორგი ახვლედიანი: გივი თარგამაძით ბევრი ადამიანია უკმაყოფილო და აფეთქება შეძლება შურისძიება იყოს

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, პრაქტიკულად, ტერაქტია.

გიორგი ახვლედიანის აზრით, თუ საქმე ცხელ კვალზე არ გაიხსნება, საეჭვოა თვეების შემდეგ გაიხსნას:

“ასეთი საქმეები ცხელ კვალზე იხსნება. ერთი თვის და ორი თვის შემდეგ საეჭვოა, რომ ასეთი საქმე გაიხსნას. არადა,  ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯზეა საუბარი, ქვეყნის ძალიან ცუდ კონტექსტში წარმოჩენაზეა საუბარი, როცა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ პრაქტიკულად ტერორისტული აქტი ხორციელდება.”

ახვლედიანის თქმით, ქვეყანაში გივი თარგამაძით ბევრი ადამიანია უკმაყოფილო და შესაძლებელია, რომ აფეთქება პირადი ანგარიშსწორება იყოს:

“მისდა სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანია უკმაყოფილო გივი თარგამაძით და შესაძლებელია ეს გარკვეული შურისძიების, პირადი ანგარიშსწორების თემა იყოს. ამაზე მარჩიელობა შეუძლებელია, სანამ ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები არ იტყვიან, რა იყო მოტივი. ამ აფეთქების აქტმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყანას, მით უმეტეს, წინასაარჩევნვოდ.”

გიორგი ახვლედიანის აზრით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა აფეთქების დროული და ეფექტური გამოძიება:

“დიდი იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდს და პოლიტიკური კონკურენციის საკითხს არ  უკავშირდება აფეთქება. არავის- არც ხელისუფლებას, არც რომელიმე პოლიტიკურ ძალას – უნდა აწყობდეს ასეთი აქტის განხორციელება პოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში. ეს ლოგიკას არის მოკლებული, მაგრამ რა და რატომ მოხდა, ხელისუფლებამ უნდა გვითხრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი კითხვის ნიშანი დარჩება და ეს ხელისუფლებისთვის იქნება ცუდი.”

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი