გიორგი ახვლედიანმა ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა. ახვლედიანი ფაქტს “TV პირველზე” გასულ სიუჟეტს უკავშირებს, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ახვლედიანი “ქართული ოცნების” ე.წ. გარე სპიკერთა შორისაა და აღნიშნულ საქმეში მას თანხას უხდიან.
გიორგი ახვლედიანი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავის მართლების რეჟიმისაგან დასაზღვევად.
“როდესაც მე მაბრალებ იმას, რომ ვარ “ქართული ოცნების” რაღაც სპიკერი, ისეთი ტყუილი ხომ უნდა მოიგონო, რომ ერთმა კაცმა მაინც დაიჯეროს? სადმე მაინც “ოცნების” სასარგებლოდ ხომ უნდა მქონდეს ნასპიკერალი თუ ნაექსპერტალი? სადმე ხომ უნდა იყოს გაკეთებული რაიმე მსგავსი, რომ მერე დამაბრალო?
დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვიყავი ამ სკანდალის მთავარი სამიზნე. მთავარი სამიზნე აქ იყო პარტია. როგორი მომენტია: დააბრალე და შემდგომ მან თავი იმართლოს. აი, ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავი როგორც მე, ისე მთელი პარტია მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში. ეს ისეთი ტალახი იყო, რომელსაც პარტიის ნებისმიერი არაკეთილისმსურველი გამოიყენებდა მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე”, – აღნიშნავს ახვლედიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისი თქმით, პარტიისთვის ეს გადაწყვეტილება “სასიხარულო არ ყოფილა”, თუმცა თავად, რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, სხვა გზა ვერ დაინახა:
“რომ გითხრათ, რომ ვინმეს გაუხარდა, ნამდვილად არა. არავის სჯერა ამ სისულელეების, რადგან ეს დიდი გამოცდილების მქონე პარტიაა და ყველამ კარგად იცის, რა როგორ ხდება. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა სასიხარულო, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ ვერ ვხედავ სხვა მექანიზმს, პარტია დავაზღვიო ამ სიბინძურისგან”.
გიორგი ახვლედიანი აღნიშნავს, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ამ ეტაპზე წყვეტს, თუმცა არც პოლიტიკური ცხოვრებისაგან სამუდამოდ გამიჯვნას აპირებს.