ახალი ამბები

NDI-ის საერთაშორისო მისია საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

4 ოქტომბერი, 2016 •
NDI-ის საერთაშორისო მისია საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ეროვნულ-დემოკრატიულის ინსტიტუტის (NDI) ცნობით,  8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვა. მისია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება.

NDI-ის ინფორმაციით, დელეგაციას ხელმძღვანელობენ: აშშ-ის დელავერის შტატის ყოფილი სენატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ კაუფმანი; პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იანუშ ონიშკევიჩი; აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტის შტატიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოსწევრი სემ გეჯდენსონი; ბელგიის სახელმწიფო მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი ანემი ნეიტს-უტებროკი; NDI-ის ევრაზიის პროგრამების რეგიონალური დირექტორი ლორა ჯუიტიდა NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

მათივე ცნობით, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

სადამკვირვებლო დელეგაციას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) აფინანსებს.

“თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან, რის შემდეგაც დაკვირვებების შესაჯამებლად თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირვების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ. დელეგაციის წინასწარი ანგარიში პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება. NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს,”- აღნიშნულია NDI-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი