ახალი ამბები

ქუთაისში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტისას მეორე მსხვერპლი არ დასტურდება

8 ივნისი, 2012 •
ქუთაისში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტისას მეორე მსხვერპლი არ დასტურდება

ქუთაისის რადიო “ძველმა ქალაქმა”  სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია  პარლამენტის  შენობაში ინციდენტის  შედეგად  კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, თუმცა ინფორმაცია არ დასტურდება. 

ფაქტს არ ადასტურებენ არც გარდაცვლილის მეზობლების და არც  იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგის განყოფილება. 

ქუთაისში, დია ჩიანელის ქუჩაზე მცხოვრები  50 წლის ნიკო მამაგეიშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ ნათესავები და მეზობლები, თუმცა,  მათი ცნობით,  ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება არა პარლამენტის, არამედ  ავტოქარხანაში მიმდინარე მშენებლობას.

„მისი მეზობელი ვარ, მისი ჭირისუფალი მე უნდა ვიყო, არ მუშაობდა ნიკო პარლამენტის მშენებლობაზე, ის მართლა მუშაობდა მშენებლობაზე, მაგრამ ავტოქარხანაში. სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო გარდაიცვალა, არ ვიცი, კონკრეტულად რომელ მშენებლობაზე მუშაობდა, ვიცი, რომ კერძო კომპანიას ეკუთვნოდა ის შენობა, სადაც ნიკო მუშაობდა,“– აღნიშნა ერთ–ერთმა მეზობელმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგის, ლალა თოდაძის თქმით, ნიკო მამაგეიშვილი 6 ივნისს, 12 საათზე მიიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადით და მიყვანიდან 2 საათში, 14:00 წუთზე, გარდაიცვალა. როგორც რეანიმატოლოგი ამბობს, მძიმე დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა პაციენტის გადარჩენა.

„ ნიკო მამაგეიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადით იქნა შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან, ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან. სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული. დიაგნოზით ტრავმულ–ჰემორაგიული შოკი მე–3 და მე–4 ხარისხის, ჩატარებული აქვს სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია, გამოკვლევებით დადგინდა დიაგნოზი– გულმკერდისა და მუცლის  დახურული ტრავმა, ავადმყოფი მიყვანილი იქნა ემერჯენსის განყოფილებაში. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, მაგრამ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა გულ–სისხლძარღვთა უკმარისობით, “– ლალა თოდაძე, იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი.

 

ნეტგაზეთის რეპორტიორმა საავადმყოფოს რეგისტრაციის ფურცელი ნახა, სადაც მამაგეიშვილის შეყვანა 6 ივნისსაა დაფისირებული, პარლამენტში ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია კი 7 ივნისს გავრცელდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი