კოალიცია “ქართული ოცნების” 6 წევრს სამართალდაცავები მოწმის სტატუსით კითხავენ. მათი დაკითხვა პოლიციის ქუთაისის მე-4 განყოფილებაში 13.00 საათზე დაიწყო.
გელა გაბადაძე, მიშა ხეცურიანი, კობა ჯაბუა, ზაზა ეჩიბეგოვი, ნინო და ნანა ხურუები აცხადებენ, რომ დაკითხვაზე სამართალდაცავებმა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით გამოიძახეს.
მოსწმის სტატუსით დაკითხვას ქუთასიში კიდევ 2 ადამიანი ელოდება.
საქმე ეხება ქუთაისში დაკავებულ ქართული ოცნების წევრებს, რომლებსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გრიგოლ ამბროლაძეს, მიხეილ მესხსა და მიხეილ ამაშუკელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლის მიხედვით აქვთ წაყენებული, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისსაა დაგეგმილი.
”ქართული ოცნების” აქტივისტები სამართალდამცავებმა 7 ივნისს დააკავეს და პროკურატურამ მათი დაკავებისთანავე სპეციალური განცხადება გაავრცელა.
”2012 წლის 6 ივნისს, ქუთაისის მთავარ სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხნენ– გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი. აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით),” – წერია პროკურატურის განცხადებაში.