ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს

8 ივნისი, 2012 •
ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება 7 ივნისს ქუთაისის პარლამენტის ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიას და აცხადებს, რომ იქ მხოლოდ 1 ადამიანი დაიღუპა და არავინ დაშავებულა. 

 

”2012 წლის 7 ივნისს პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ობიექტზე მომუშავე ერთი ადამიანი.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი რეზო ნებიერიძის ოჯახს.

 

სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი, გარდა ზემოთ ხსენებული ერთი პიროვნებისა. ასევე, შემთხვევის შედეგად არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის.

 

ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ზემოთ ხსენებული შემთხვევის შედეგად არსებული დაშავებულების შესახებ, წარმოადგენს სიცრუეს და არის მომხდარი სამწუხარო ფაქტით მიზანმიმართული სპეკულაცია,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ქუთაისში, პარლამენტის ეზოში მომხდარი ნგრევის შედეგად ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთის მკვიდრი რეზო ნებიერიძე დაიღუპა. მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ხმები დაშავებულების შესახებ, თუმცა ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა ამ ინფორმაციის შემოწმება ვერ შეძლეს. ჩვენთან საუბრისას ქუთაისის სამკურნალო დაწესებულებებში კატეგორიულად უარყოფდნენ ნგრევის შედეგად დაშავებულების მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი