ახალი ამბები

ეუთო/ოდირი: წინასაარჩევნო კამპანიის ტონი კონფრონტაციულია

26 სექტემბერი, 2016 • 3410
ეუთო/ოდირი: წინასაარჩევნო კამპანიის ტონი კონფრონტაციულია

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 30 აგვისტოდან 19 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. ეუთოს სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშში აფასებს საარჩევნო სისტემას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ამომრჩველთა რეგისტრაციის საკითხს, კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხს, წინასაარჩევნო კამპანიას და მის დაფინანსებას და მასმედიის მუშაობას.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნები ისეთ გარემოში იმართება, რომელზეც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის იმედგაცრუება პოლიტიკური ელიტის მიმართ.

“არჩევნების კონტექსტზე ასევე ზემოქმედებს 2014 წლის ივნისში გაფორმებული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და მიმდინარე დისკუსიები საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ამასთანავე, საარჩევნო ატმოსფეროზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური დაძაბულობა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის, 2016 წლის მაისში, რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების დროს კორცხელში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების ჩათვლით”,- ვკითხულობთ შუალედურ ანგარიშში.

წინასაარჩევნო კამპანიის ტონს ეუთო კონფრონტაციულ უწოდებს. მათი შეფასებით, პარტიები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში.

“ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიისთვის ცნობილი გახდა, ასევე, მედიაშიც მთელი რიგი ინციდენტები გაშუქდა, როგორიცაა შეხლა-შემოხლა კამპანიის მონაწილეებს შორის, პარტიის ოფისების და კამპანიის მასალების დაზიანება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი საქმის მიმართ გამოძიება აღიძრა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა უნდობლობა გამოხატა სამართალდამცავი უწყებების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ მთელი რიგი ბრალდებები მოისმინა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაშიც შედიოდა კამპანიის ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა და კამპანიაში მონაწილე პერსონალის დაშინება”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება მედიაგარემოს შუალედურ ანგარიშში ხაზგასმულია ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის საქმე და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ეგზიტპოლის კერძო ტელევიზიებთან ერთად ჩატარების შესაძლებლობა;

“რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმე რამდენიმე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა მოყვანილი, როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. ჯერჯერობით საქმის განხილვა არ დამთავრებულა და ამ არხს
წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქება თავისუფლად შეუძლია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა ეგზიტპოლის განხორციელების შესაძლებლობა სამ კერძო ტელეარხთან ერთად, რაც ჩვენთან მოსაუბრე პირების აზრით საფრთხეს წარმოადგენს მისი, როგორც დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სამსახურის როლის თვალსაზრისით”,- ნათქვამია ანგარიშში.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ ეგზიტპოლის სხვა ტელევიზიებთან ერთად ჩატარებაზე გადაწყვეტილება 7 სექტემბერს მიიღო, თუმცა ხელშეკრულება  TNS-თან ჯერჯერობით გაფორმებული არ არის. TNS არის ორგანიზაცია, რომელიც სამი ტელეკომპანიისთვის- “იმედი”, “მაესტრო” და “GDS”-არჩევნების დღეს ეგზითპოლს ჩაატარებს და ორგაიზაციის თქმითვე, ტელეკომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, კერძო ტელევიზიებთან ერთად ჩაეტარებინა ეგზიტპოლი, უარყოფითი საზოგადოებრივი უკუკავშირი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი