ახალი ამბები

ეგზიტპოლი სხვა ტელევიზიებთან ერთად – საზმაუს ბორდის წევრების არგუმენტები და კონტრარგუმენტები

7 სექტემბერი, 2016 • 2128
ეგზიტპოლი სხვა ტელევიზიებთან ერთად – საზმაუს ბორდის წევრების არგუმენტები და კონტრარგუმენტები

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, “იმედისთვის”, “მესტროსა” და “GDS”-ისთვის ეგზიტპოლს 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” ჩაატარებს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს მიიღო. გთავაზობთ მაუწყებლის სამერუვეო საბჭოს წევრების არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს.

სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილმა გამოთქვა აზრი, რომ მაუწყებელმა ეგზიტპოლი სხვა ტელევიზიებისგან დამოუკიდებლად უნდა მოამზადოს.  მაუწყებლის დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თქმით, ამისთვის საჭირო თანხა მაუწყებელს არ ჰქონდა:

“ბიუჯეტის მიღების დროს, როდესაც მენეჯმენტმა მოიტანა ბიუჯეტი დაახლოებით 48 მილიონი ლარის ღირებულების, განვიხილეთ ეგზიტპოლის თემა და გამოიყო 200 ათასი ლარი. ჩვენი გამოცდილებით, ეგზიტპოლი ჯდებოდა 500 ათასი ლარი, ეს იყო ის თანხა, რომელიც წარმოდგენილი ბიუჯეტის შემცირების შემთხვევაში, შეიძლება არ გვქონოდა. შესაბამისად, იყო საუბარი, რომ პარტნიორი მოგვეძებნა.”

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი გოგელიას თქმით, ერთობლივად ნაყიდი პროდუქტის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე დამოუკიდებლად შეძლებდნენ ეყიდათ:

” მიახლოებით ისეთი ვარიანტია, როდესაც შენ შეგიძლია სხვებთან ერთად იყიდო როლს როისი და შენ თვითონ შეგიძლია ოპელი იყიდო,” – ამბობს გოგელია.

ბარათაშვილის აზრით, ერთი და იგივე ეგზიტპოლის გამოყენება პრობლემა არ არის, რადგან შემსრულებელი კვლევითი კომპანიაა და არა რომელიმე ტელევიზია:

“ოთხივე ტელევიზია ვიყენებთ ამ კომპანიის პროდუქტს. მკვლევარმა შესთავაზა ოთხივე კომპანიას პროდუქტის შეძენა. ეგზიტპოლს ატარებს არა ჯი-დი-ესი, იმედი, ან მაესტრო, არამედ კომპანია “ტიენესი”, ეს კომპანიაა შემსრულებელი. ჩვენ გვექნება იგივე პირობები, რაც სხვა ტელევიზიებს,” – ამბობს ბარათაშვილი და აღნიშნავს, რომ TNS-მა რეგიონალური მაუწყებლების ასოციაციასაც შესთავაზა ეგზიტპოლის მომზადება, თუმცა მათ თანხა ვერ მოიძიეს.

სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრმა,  სულხან სალაძემ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს რომელიმე კერძო მაუწყებელთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარებას. მისივე განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება კანონთან მოდის წინააღდმეგობაში:

“მაუწყებლის განმარტებაშივეა აღნიშნული, რომ მაუწყებლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა. ამ სამი ტელევიზიიდან მინიმუმ ერთთან ერთად მონაწილეობა [ეგზიტპოლის ჩატარებაში] ჩემთვის ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი არ არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან ამ პროცესში. დღეისათვის კერძო მაუწყებლები განიხილებიან ორ პოლუსად. ერთი პოზიციის გავლენასთან მიმართებაში განიხილება, მეორე – ოპოზიციის.”

სულხან სალაძის თქმით, ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის  ასეთი მცირე ფინანსური შენატანით მონაწილეობა მისთვის აღიქმება, როგორც კონკრეტული ტიპის გადაწყვეტილებების  მაღალი ლეგიტიმაციის მიღწევის საშუალება:

“ეს ორასი ათასი ლარი შეგვიძლია გამოვიყენოთ არჩევნების მიზნებისთვის, თუ ეგზიტპოლს არ ჩავატარებთ. გთავაზობთ, არჩევნების დღეს გავაკეთოთ კარგი ღონისძიება ან ღონისძიებების ციკლი. ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს იმას, რომ ამ და სხვა ეგზიტპოლის  შედეგები საინფორმაციო გამოშვებებში განვაცხადოთ. ჩვენ არჩევნების დღეს ისეთი პროდუქტი შევქმნათ, რომელიც არც ერთ ტელევიზიას ექნება. მე ვერ ვხედავ საზოგადოების დაკვეთას, რომ მაუწყებელმა ეგზიტპოლი ჩაატაროს.”

ბორდის კიდევ ერთი წევრის, მარინა მუსხელიშვილის განცხადებით, ეგზიტპოლის ჩატარებით მაუწყებელი რეიტინგს არ დაკარგავს:

“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეგზიტპოლის ჩატარებით შეიძლება რეიტინგი დავკარგოთ, პირიქით, მაყურებელი შეიძლება შევიძინოთ კიდეც. ერთ მხარეს არის რუსთავი 2 და მისი ეგზიტპოლი, მეორე მხარეს- სამი ტელეკომპანია და მათი ეგზიტპოლი. მე, ჩემი პოლიტიკური, საზოგადოებრივი გამოცდილებით, რუსთავი 2-ის ეგზიტპოლს ცალსახად არ ვენდობი,  იმ კომპანიის გამოცდილებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე, ვენდობი თუ არა დანარჩენ სამ ტელევიზიასთან გაერთიანებას? მე გავეცანი ამ კომპანიაზე ინფორმაციას, გავერკვიე მეთოდოლოგიაში, მერაბ ფაჩულიას ვენდობი, იმ უცხოურ კომპანიას ვენდობი. საზოგადოებას სჭირდება არა მხარის ეგზიტპოლი, არამედ სანდო ეგზიტპოლი. ”

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალი რეიტინგი შეიძლება იმითაა გამოწვეული, რომ დაბალანსებული ეთერი აქვს:

“ვიცით ჩვენი რეალობა, რუსთავი 2 არა მარტო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ კონკრეტულ იდეოლოგიას პროპაგანდირებს, დანარჩენი ტელევიზიებიც თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ და საერთოდ, ჩვენი დაბალი რეიტინგი შეიძლება სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ეთერი ყველაზე დაბალანსებულია და ამიტომ არ გვყავს მაყურებელი.”

ქეთევან მსხილაძის თქმით, მედია ორ ნაწილად, პროსახელისუფლებო და ოპოზიციურ ნაწილად არის გაყოფილი და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ ორი ბანაკიდან არც ერთთან ერთად უნდა ჩაატაროს ეგზიტპოლი:

“მაუწყებელს დამოუკიდებლად უნდა ჩაეტარებია ეგზიტპოლი. თუ ძვირია, უნდა გადაიხადოს ეს თანხა. იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც დღეს არსებობს, მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს რომელიმე მხარის გაძლიერებას. ამ კონსორციუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვით ის [კონსორციუმი] იმყარებს პოზიციას. მაუწყებელი ნუ იქნება რაღაც პოზიციის გამამყარებელი, იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და ობიექტურად მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას. ”

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი გოგელიას თქმით, ის “TNS”-ს ენდობა:

“ჩვენ არ ვყიდულობთ პროდუქტს სხვადასხვა ტელეკომპანიის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვყიდულობთ პროდუქტს, რომელიც ერთ რამეს ეხება – ვინ, ვის მისცა ხმა, რომელიც ითვლება სტატისტიკური და სოციოლოგიური მეთოდებით და შეიძლება შეესაბამებოდეს არჩევნების საბოლოო შედეგებს, ან არ შეესაბამებოდეს. თუ კარგი მეთოდოლოგიით განხორციელდება ეგზიტპოლი, ის მაქსიმალურად უახლოვდება საბოლოო შედეგს. ამ კომპანიისადმი დიდი ნდობა მაქვს, მით უმეტეს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნებში დადო. ველზე მომუშავე ორგანიზაციას უამრავ ქვეყანაში აქვს ჩატარებული დიდი კომპანიების დაკვეთით სამუშაოები. ”

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ველზე მომუშავე კომპანიას აიპადებს ტელეკომპანია “იმედი” გადასცემს.

“მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მიცემული ტექნიკური საშუალება დიდი ალბათობით შეიძლება მანიპულირებადი იყოს. გვაქვს ამის თქმის საშუალება? ნუ, მაშინ , ეგრე ხო არ არის… არგუმენტად შეიძლება ყველაფერი ვთქვათ. შეიძლება ვთქვათ, რომ მასონური ლოჟის მხრიდან შეთქმულება არსებობს. ეს ცოტა არასერიოზულია. მილიონი დოლარის პროდუქტს ვყიდულობთ ერთად, გამოიყენება გაცილებით რთული, სანდო და ეფექტური ტექნოლოგია და მეთოდოლოგია, დამკვირვებლების რაოდენობა, უბნების რაოდენობა გაცილებით დიდია,” – განაცხადა გოგელიამ.

სხვა ტელევიზიებთან ერთად ეგზიტპოლის მომზადებას მაუწყებლის ბორდის ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

დღეს, 7 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი -200 ათასი ლარი.”

იხილეთ სამეურვეო საბჭოს სხდომის ვიდეო ჩანაწერი. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი