ახალი ამბები

26 სექტემბერს თსუ-ში აქციას გამართავს “აუდიტორია 115”

23 სექტემბერი, 2016 • 1733
26 სექტემბერს თსუ-ში აქციას გამართავს “აუდიტორია 115”

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” 26 სექტემბერს თსუ-სთან აქციას გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ სტუდენტებმა დღეს, 23 სექტემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ჯავახაძე აღნიშნავს,  მათი მოთხოვნები უცვლელია. სტუდენტები უნივერსიტეტში რეფორმებს, სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებასა და  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას მოითხოვენ. ჯავახაძის თქმით, აქცია იქნება სისტემის და არა პერსონების წინააღმდეგ მიმართული. თუ რა შინაარსის იქნება 26 სექტემბერს დაანონსებული აქცია, ჯავახაძის თქმით, ამას აქციის მსვლელობისას შევიტყობთ.

პრესკონფერენციაზე “აუდიტორია 115”-ის წევრებმა მას შემდეგ გამართეს, რაც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა გახდა ცნობილი. დღეს ჩატარებულ არჩევნებზე აკადემიური საბჭოს 26 წევრიდან 21-მა მხარი განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შარვაშიძეს დაუჭირა. სტუდენტების ნაწილი შარვაშიძის რექტორად არჩევით უკმაყოფილოა:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ვთვლი, რომ საუნივერსიტეტო სივრცესაც არ უნდოდა ეს რექტორი, მაგრამ ეს მოხდა. იყო ეს სახელმწიფო გავლენა თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. პროცესების განვითარებას დაველოდებით და “აუდიტორია 115″ გია შარვაშიძეს ამ სიტყვას ეტყვის,”- ამბობს სტუდენტური მოძრაობის წევრი მარიამ ბაღდავაძე.

უნივერსიტეტის ავტონომიის შელახვის მცდელობად აფასებენ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის რექტორად არჩევას თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებიც, თუმცა, როგორც თვითმმართვლეობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი ამბობს, ისინი აქციის გამართვას არ გეგმავენ.

თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე დღეს აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძე აირჩია.

თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა, როგორც თავად პაპავას თქმით, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი