ახალი ამბები

ომბუდსმენი: შს სამინისტრომ გამყოფი ხაზის სიახლოვეს პატრულირება უნდა გააძლიეროს

21 სექტემბერი, 2016 • 1337
ომბუდსმენი: შს სამინისტრომ გამყოფი ხაზის სიახლოვეს პატრულირება უნდა გააძლიეროს

2016 წლის 21 სექტემბერს ზუგდიდში საქართველოს სახალხო დამცველმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური ანგარიში წარუდგინა და სოფლების- ხურჩის ფახულანისა და წყოუშის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა განიხილა.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურჩა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება და ამ სოფელს რამდენჯერმე პირდაპირ შეეხო ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტი. ხურჩა ერთადერთი ენგურს გაღმა სოფელია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლდება. ქართული პოლიციის პუნქტი სოფლის დასაწყისშია განლაგებული და ეს გარემოება მოსახლეობისათვის უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. ამის ნათელი მაგალითი ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 2016 წლის 19 მაისს 22 წლის გ.ო.-ს მკვლელობის ფაქტია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული საქმე მხარეთა თანამშრომლობით სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული, რაც გააძლიერებს ადგილობრივების უსაფრთხოების განცდას და მხარეთა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის,” – აღნიშნულია ომბუდსმენის გაცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ხურჩაში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის სხვა სოფლებში, ხშირია უკანონო დაკავებები „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით. დაკავებულებს შორის წლების განმავლობაში იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები და გალის მოსახლეობა.

ომბუდმსენის ცნობით, სოფელ ხურჩას მოსახლეობა 1993-1998 და 2008 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის სრულყოფილად ანაზღაურებას ითხოვს, რაც დღემდე არ მიუღიათ.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანსა და წყოუშში 2013 წელს რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს, რის შედეგადაც სოფელ წყოუშში მდებარე რამდენიმე სახლი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მავთულხლართები გავლებულია მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში, რაც უზღუდავს მათ მიწით სარგებლობის საშუალებას. ფახულანში პრობლემად რჩება მდინარე ოლორზე ხიდის არარსებობა, რომელიც სოფლის რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. ასევე, გასამაგრებელია მდინარე ოლორის ნაპირები, რადგან მისი ადიდებისას წყალს მიაქვს მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები და მოსავალი.”

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის სტრუქტურებს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების დასაცავად და გამყოფი ხაზის სოფლების სოციალური ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

ომბუდსმენის რეკომენდაციის თანახმად,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიეროს პატრულირება გამყოფი ხაზის სოფლების იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქართული საგუშაგოების მიღმა მდებარეობს (სოფელი ხურჩა, სოფელი წყოუში), განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სადაც მოსახლეობა მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფება. ხოლო ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა შეისწავლოს ელექტრომომარაგების საკითხი სოფელ ხურჩაში და მიიღოს შესაბამისი ზომები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად და ელექტოენერგიით შეუზღუდავად სარგებლობის მიზნით.

ომბუდსმენის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  უნდა უზრუნველყოს სოფელ ხურჩაში ამბულატორიის რეაბილიტაცია და აღჭურვა, საჭირო ინვენტარით მოწყობა;  ასევე, კიდევ ერთხელ შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება სოფელ ხურჩის მოსახლეობისათვის კონფლიქტებით მიყენებული ზარალის კომპენსაციის საკითხზე, უზრუნველყოს შესწავლის შედეგების შესახებ სოფელ ხურჩის მოსახლეობის სრულად ინფორმირება;

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტმა გამოყოს შესაბამისი სახსრები სოფელ ფახულანში, მდინარე ოლორზე ხიდის რეაბილიტაციისა და მდინარის ნაპირების გასამაგრებლად;  ამასთან, უზრუნველყოს სოფელ ფახულანში ამბულატორიის აშენება და მოწყობა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მოთხოვნით ომბუდსმენი  მოუწოდებს დროებით სამთავრობო კომისიას და მის ინდივიდუალურ წევრებს, იმსჯელონ და დაავალონ შესაბამის წევრ სტრუქტურებს (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), შეისწავლონ გამყოფი ხაზის სოფლების სპეციფიკა და შეიმუშაონ კონფლიქტით დაზარალებული თემების სპეციფიკურ საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, არ დაიშუროს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების, უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების დასაცავად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას,” – ვკითხულობთ რეკომენდაციაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას  მკვლელობის საქმე, მათ შორის აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობით. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი უნდა განიხილონ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში და მიღებული იქნას ყველა საჭირო ზომა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი