რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი, როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან, რომლის გართულებასაც კიდურის ამპუტაციაც კი შეიძლება მოჰყვეს? – ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ანგიოქირურგი მერაბ მიქელაძე გვესაუბრა.
ბატონო მერაბ, რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი?
ქრონიკული არტერიული უკმარისობა არის ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული პრობლემა დღესდღეობით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ამ დაავადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა წამყვანი არის ორი მიზეზი: ათეროსკლეროზი და დიაბეტი. ასევე ბევრი სხვა დაავადებაც შეიძლება გახდეს ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი. ძირითადად ეს დაავადება მამაკაცთა ხვედრია, თუმცა ქალებშიც ვითარდება.
რა არის დაავადების მთავარი სიმპტომები?
პირველი სიმპტომი არის ხანგამოშვებითი კოჭლობა. ადამიანი გადის რაღაც მანძილს და შემდგომში ფეხი, ძირითადად წვივის კუნთები, აიძულებს, რომ გაჩერდეს. ეს არის 99-პროცენტიანი სიზუსტით იმის მიმანიშნებელი, რომ ადამიანს აქვს არტერიული პათოლოგია და უნდა მიმართოს სისხლძარღვთა ქირურგს. გარდა ამისა, არის სხვა სიმპტომებიც: ტერფების გაცივება, დაბუჟება, ტკივილი და დისკომფორტი.
როდესაც ადამიანი გაივლის ათას მეტრზე ნაკლებს და წვივის კუნთები აიძულებს გაჩერებას, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს სისხლძარღვთა პათოლოგია. რაც უფრო მცირეა მანძილი, რომლის გავლაც უჭირს ადამიანს, მით უფრო მეტი განგაშია ასატეხი. თუ ადამიანს მოსვენებით მდგომარეობაშიც ტკივილი აქვს და სიარული არ შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას განგრენა აქვს დაწყებული.
რა ასაკის ადამიანებშია უფრო მეტად გავრცელებული ეს დაავადება?
ასაკთან ერთად ამ დაავადების განვითარების რისკი იზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადამიანებში ხშირად უფრო მწვავედ მიდის ეს პროცესი, უფრო მტკივნეულად, გამომდინარე იქედან, რომ ასაკში ადამიანის კიდურები შეჩვეულია ქრონიკულ სისხლნაკლებობას, რომელიც თანდათანობით ვითარდება. ახალგაზრდა ასაკში კი დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს და ხშირად, 30-დან 40 წლამდე ასაკში ამ დაავადების მქონე ადამიანები კარგავენ ფეხს, იმის გამო, რომ დროულად არ აქცევენ ყურადღებას ჩივილებს და გვიან მიმართავენ ექიმს.
როგორ ხდება მკურნალობა?
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანს რა მანძილის გავლაზე აქვს პრობლემები. როდესაც ადამიანი 300-400 მეტრზე მეტს გადის, ამ შემთხვევაში ნაკლებად სჭირდება ოპერაციული ჩარევა, ასეთ დროს ხშირად კონსერვატიული მკურნალობაც საკმარისია, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ 300 მეტრზე ნაკლების გავლა შეუძლია და, მითუმეტეს, როცა ტკივილი აწუხებს მოსვენებით მდგომარეობაშიც, მაშინ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა, მათ შორის შუნტირება, თუმცა დღეს უფრო ხშირად ხდება ენდოვასკულარული ჩარევა, რაც არ გულისხმობს ღია ქირურგიულ ოპერაციას.
რა არის ამ დაავადების პროფილაქტიკა?
ფეხით სიარული არის ერთ-ერთი მთავარი პროფილაქტიკა და მკურნალობაც, რადგან როდესაც პაციენტს ეწყება პრობლემები, ამ შემთხვევაში ჩვენ მას ვუნიშნავთ დოზირებულ სიარულს. ანუ ადამიანი გაივლის რაღაც მანძილს, გაჩერდება და შემდგომ აგრძელებს კვლავ სიარულს. ყოველდღიურად თითო ნაბიჯის დამატებით შესაძლებელია დახურული სისხლძღარღვიც კი გაიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია თაბმაქოს მოწევის აკრძალვა, რადგან თამბაქოს აქვს წამყვანი როლი სისხლძარღვთა პათოლოგიაში. თუ თამბაქოს როლი ფილტვის კიბოს განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია პერიფერიულ სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარებაშიც, რაც ხშირად კიდურის დაკარგვით სრულდება. ძალიან კარგია სპორტი და სწორი კვება, ნაკლებად ცხიმიანი საკვების მიღება და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი გთავაზობთ ანგიოლოგიური პრობლემების სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჰოსპიტალში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება შემდეგი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები:
- ქრონიკული ვარიკოზული დაავადებებისა და ვენური თრომბების მკურნალობა
- კოსმეტიკური წესით მინიფლებექტომია
- სკლეროთერაპია, გამოკვლევა-დოპლეროგრაფია, არტერიოგრაფია
- ქრონიკული არტერიული უკმარისობის მკურნალობა, დიაბეტური ტერფი
- ვაზოსპასტური დაავადებების მკურნალობა
- ანევრიზმების სხვადასხვა ფორმის ოპერაციული მკურნალობა
- არტერიული და ვენური მალფორმაციების მკურნალობა
- ჰემოდიალიზის პაციენტების ანგიოქირურგიული უზრუნველყოფა
- მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა
მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge