ახალი ამბები

უზენაესში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები ზეწოლას არ ადასტურებენ

9 სექტემბერი, 2016 • 2758
უზენაესში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები ზეწოლას არ ადასტურებენ

უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის დასაშვებობის საკითხის განმხილველი მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე, ეკა გასიტაშვილი და მზია თოდუა მათზე შესაძლო ზეწოლას არ ადასტურებენ.

ამასთან დაკავშირებით სამივე მოსამართლის ხელმოწერით უზენაესმა სასამართლომ განცხადება გამოაქვეყნა.

იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს ამ სამ მოსამართლეზე შესაძლოა ზეწოლას ახდენდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე, ნიკა გვარამიამ 8 სექტემბერს განაცხადა. მისივე თქმით, კოლეგიას უკვე გადაწყვეტილი აქვს, საქმე წარმოებაში მიიღოს, თუმცა ზეწოლის გამო არ ასაჯაროებენ.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საკითხი დღეს, 9 სექტემბერს, 19:00 სათზე გახდება ცნობილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცხადება

რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი