ახალი ამბები

თალაკვაძე სტურუას საქმეზე: დარწმუნებული ვარ, ბრალდებული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

8 სექტემბერი, 2016 • 1576
თალაკვაძე სტურუას საქმეზე: დარწმუნებული ვარ, ბრალდებული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და “ქართული ოცნების” მაჟორიტაროს კანდიდატი ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დემურ სტურუას თვითმკლელობამდე მიყვანაში ბრალდებული აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.

ეს განცხადება თალაკვაძემ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა. 27 აგვისტოს პროკურატურამ სასამართლოდან გოდერძი თევზაძეს დაკავების განჩება აიღო და მას ბრალიც წაუყენა, თუმცა, თევზაძე ამ დრომდე [8 სექტემბერი] მიმალვაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

თალაკვაძესთან “ნეტგაზეთის” კითხვა შეეხებოდა საკითხს, აჩენს თუ არა ეს ეჭვს სამართალდამცავების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პირი, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ადამიანის უფლებები, რომელიც შესაძლოა მხილებული იყოს ამ ტიპის დანაშაულში, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. მოხდება ეს ორ დღეში თუ ორ კვირაში, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიება მიმდინარეობს და ამ შემთხვევის განზოგადოება ზოგადად პოლიციის საქმიანობაზე, რომელიც ყოველდღიურად თავდადებით იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია. მე მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და მთელი გულით ვიზიარებ ამ ტრაგედიას,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი