ახალი ამბები

ვაკო ყაზაიშვილი: ნიშნიანიძის დაკავებამდე ჩემი ოჯახის დევნა და კონტროლი მიმდინარეობდა

6 სექტემბერი, 2016 • 3960
ვაკო ყაზაიშვილი: ნიშნიანიძის დაკავებამდე ჩემი ოჯახის დევნა და კონტროლი მიმდინარეობდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი აცხადებს, რომ ნოდარ ნიშნიანიძის დაკავებამდე მისი ოჯახის მიმართ დევნა და კონტროლი მიმდინარეობდა. პოლონეთის “ლეგიას” ნახევარმცველი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის დის ქმარია.

ვაკო ყაზაიშვილი ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად ვიდეო ჩაწერა, სადაც მისი ცოლის ძმის შესაძლო დაკავებაზე საუბრობენ:

“იმის გამო, რომ იყო ეჭვი და მუქარა, რომ ნოდარ ნიშნიანიძეს იარაღს ჩაუდებდნენ, ჩემი ოჯახის წევრებმა თავის დაზღვევის მიზნით ერთად ჩავწერეთ ვიდეო, სადაც ვამბობთ, რომ გვაქვს ეჭვი და ვგრძნობთ, რომ ჩაგვიდებდნენ იარაღს; სახლთან 24 საათის განმავლობაში იყვნენ შკოდის მანქანები. მანამდე, 9 თვე უკვე იჯდა იარაღის ჩადების გამო, თუმცა სასამართლომ გაამართლა. ერთი თვის გამოსულზე იყო მუქარა, რომ მას უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან ოჯახი ჰყავს, შვილი ჰყავს…”

დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ იარაღის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ნოდარ ნიშნიანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ანთაძე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ნიშნიანიძეს პატიმრობა შეუფარდა.

ნიშნიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ შსს-ში გადაიყვანეს, სადაც იარაღზე ხელის მოკიდება აიძულეს, რათა მასზე ანაბეჭდები ასახულიყო.

“ჩამიდეს ცეცხლსასროლი იარაღი, არ მისცეს ადვოკატს შემოსვლის უფლება. ამის შემდეგ გადამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამიყვანეს მეშვიდე სართულზე. შემიყვანეს რაღაც ოთახში, იძულების წესით მომაკიდინეს იარაღზე ხელი, მისვამდნენ წელზე. მერე მოიტანეს ბამბა, დააფურთხეო. უარს ვეუბნებოდი. ზეწოლა იყო ფიზიკური და სიტყვიერი, ბოთლს მირტყამდნენ თავში,”- განაცხადა პროცესზე ნიშნიანიძემ.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის მოსამართლე რევაზ ნადარაიამ იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო  სპეცოპერაციების დროს დაკავებულ გიორგი ყანჩაველსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი