პოლიციამ სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული კაცის შვილიშვილი დააკავა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მანამდე, 3 მაისს, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, 85 წლის კაცი 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.
შსს ამბობს, რომ კაცი ადგილზე დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, სასამართლო პროცესი კი 25 ივნისისათვის ჩაინიშნა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და იარაღის, ასევე ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.