ახალი ამბები

იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულ გიორგი ყანჩაველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

6 სექტემბერი, 2016 •
იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულ გიორგი ყანჩაველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და 3 სექტემბრის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ გიორგი ყანჩაველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე მოთხოვნას რამდენიმე გარემოებით ამყარებდა; მათ შორის, პროკურორის, ვაჟა თოდუას თქმით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და საგამოძიებო უწყებებისთვის მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საშიშროება.

ნეტგაზეთმა ბრალდებულის ადვოკათთან გასაუბრებას სცადა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლო მან კომენტარის გარეშე დატოვა.

შსს-მ სპეცოპერაციების შედეგად 3–4 სექტემბერს სამი ადამიანი დააკავა. მათ შორის არის 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნ. შსს-ში აცხადებენ, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ. უწყების ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულია ასევე 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ყ. შსს აცხადებს, რო დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ცალი თეთრი ფერის აბი და 2 ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა. გიორგი ყ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 24 ცალი ვაზნა ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს ნარკოტიკული საშულებებების: მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იარაღი მათ საცხოვრებელ ბინებში თავად სამართალდამცავებმა მიიტანეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, ნოდარ ნ.-ს ცოლი, ნუკა ჩიკვაიძე ფეისბუკში ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები მათ ბინაში. ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მათ გააჩნდათ სპეციალური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ადვოკატის თანხმობის გარეშე მათ ბინაში შესვლის უფლება არავის ჰქონდა.

მეორე დაკავებულის, გიორგი ფ.-ს დედა კი აცხადებს, რომ ბინაში შეჭრისას სამართალდამცავებმა მას თავში იარაღის კონდახის ჩაარტყეს. ფეიქრიშვილის ოჯახის წევრებიც ასევე ამტკიცებენ, რომ მათ თავად ნახეს, როგორ მიიტანეს შსს-ს თანამშრომლებმა მათ ბინაში ლურჯი ჩანთა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი იდო.

დაკავებულთა ოჯახების განცხადებით, მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი