ახალი ამბები

იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულ ნოდარ ნიშნიანიძეს პატიმრობა შეეფარდა

6 სექტემბერი, 2016 • 1525
იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულ ნოდარ ნიშნიანიძეს პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ იარაღის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ნოდარ ნიშნიანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა მარიამ გორგორელიანმა ნიშნიანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატი გიორგი ანთაძე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ნიშნიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ შსს-ში გადაიყვანეს, სადაც იარაღზე ხელის მოკიდება აიძულეს, რათა მასზე ანაბეჭდები ასახულიყო.

“ჩამიდეს ცეცხლსასროლი იარაღი, არ მისცეს ადვოკატს შემოსვლის უფლება. ამის შემდეგ გადამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამიყვანეს მეშვიდე სართულზე. შემიყვანეს რაღაც ოთახში, იძულების წესით მომაკიდინეს იარაღზე ხელი, მისვამდნენ წელზე. მერე მოიტანეს ბამბა, დააფურთხეო. უარს ვეუბნებოდი. ზეწოლა იყო ფიზიკური და სიტყვიერი, ბოთლს მირტყამდნენ თავში,”- განაცხადა პროცესზე ნიშნიანიძემ.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის მოსამართლე რევაზ ნადარაიამ იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო  სპეცოპერაციების დროს დაკავებულ გიორგი ყანჩაველსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი