ახალი ამბებიტექნოლოგიები

ქართული დომენის “.გე” გამოყენების უპირატესობები – 6 თვე და 1500 რეგისტრირებული

6 სექტემბერი, 2016 • 2473
ქართული დომენის “.გე” გამოყენების უპირატესობები – 6 თვე და 1500 რეგისტრირებული

ინტერნეტსივრცეში სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის (ICANN) გადაწყვეტილებით, 2014 წლის 24 ოქტომბრიდან საქართველოს ოფიციალურად მიეცა უფლება, ინტერნეტმისამართები მხედრული ანბანითა და “.გე” დაბოლოებით დაწეროს. დომენის ქვეშ საჯარო რეგისტრაციის გახსნამდე ITDC-მ წინასწარი რეგისტრაცია გახსნა. ამ დროის განმავლობაში კი დარეგისტრირების სურვილი 1500-ზე მეტმა კერძო პირმა თუ კომპანიამ გამოთქვა.

რა არის დომენი “.გე”?

“.გე” ეს არის დომენური ზონა,  რომელიც ვების მისამართის ქართულ ენაზე დარეგისტრირების საშუალებას იძლევა. “.გე” კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოკითხვის შედეგად შეარჩია.

ამ ეტაპზე დომენურ ზონაში დარეგისტრირებული 1500-ზე მეტი მომხმარებლის 85% არიან ისინი, ვინც ფლობენ დომენს .ge-ს ქვეშ, 10% არიან სავაჭრო მარკები, დანარჩენი 5% კი, სამთავრობო სტრუქტურები. 2016 წლის 8 აგვისტოდან გაიხსნა საჯარო რეგისტრაცია და პირველი გვერდი, რომელიც დარეგისტირდა იყო ღვინო.გე

“.ge” დომენურ ზონაში დომენის მფლობელს აქვს უფლება მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული დომენის ქართულენოვანი რეპლიკის ვადიანი რეზერვაცია, რათა მათ არ დაკარგონ დომენის ქართულენოვანი შესატყვისი.

რატომ არის მხედრულად დაწერილი დომენი ლათინურ შესაბამისზე უკეთესი?

როგორც სოფო ელიზბარაშვილი, ITDC .გე-ს ადმინისტრატორი ამბობს, არსებობს რამდენიმე მიზეზი: პირველი მათ შორის არის დამწერლობა/ანბანი. ქართულ ენაში არსებობს 33 სიმბოლო, რაც საშუალებას იძლევა, რომ დაიწეროს ყველა ბგერა, რომელიც გამოითქმის შესაბამისი ასოთი. ლათინური შრიფტის გამოყენების დროს კი ქართული სიტყვების დასაწერად საჭირო ხდება ასოთშეთანხმებების გამოყენება. ეს ართულებს პროცესს. სიტყვების ზუსტად დაწერა მნიშვნელოვანია კერძო კომპანიებისათვის, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ, შექმნან ბრენდი. უმჯობესია, როდესაც ბრენდის სახელი გაჟღერდება მშობლიურ ენაზე.

არსებობს ინტერენეტ მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობს და მათთვის აუცილებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის ქართულ ენაზე მოძებნა. მათ აქვთ უფლება, მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასურველ ენაზე.

ფართოვდება ქართულ ენაზე საძიებო სისტემა და იქნება ინფორმაციის ეროვნული ბაზა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებლის დიდი ნაწილი, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობს და მისთვის ინფორმაციის მიღების წყარო ქართულია, ინტერნეტსივრცეში წერის დროს ლათინურ შრიფტსა და ფონტებს იყინებს.

GNCC-ის სტრატეგიული განვითარების დეპატრამენტის წარმომადგენელი მზია გოგილაშვილი აცხადებს, რომ კომისიის ინიციატივით უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც იქნებიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანებული. ჯგუფმა უნდა იმსჯელოს დომენების გადანაწილების პრინციპზე და ინტერნეტსფეროში ამ მხრივ არსებულ რეგულაციებზე.

თემის განხილვა GeoIFG 2016-ის, ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი