ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, დომენური სახელების გადანაწილება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საავტორო უფლებები, ახალი მედია და ბავშვების უფლებები ონლაინ სივრცეში – ეს ის თემებია, რომლებზეც თბილისში შეკრებილმა ექსპერტებმა ინტერნეტ მმართველობის საერთაშორისო ფორუმზე GeoIFG 2016 ისაუბრეს. ფორუმი თბილისში უკვე მეორედ გაიმართა და ამჯერად მას ტექნოპარკმა უმასპინძლა.
სტუმრები და მომხსნებლები GeoIGF-ს საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეტიდან, სომხეთიდან და ლიტვიდან ეწვივნენ. წელს ფორუმი ევროპის საბჭოს (CoE), საქართველოს ტექნოლიგიების და ინოვაციების სააგენტოს (GITA), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ICANN-ის და RIPE NCC-ს მხარდაჭერით გაიმართა.
ფორუმის მიზანი საჯარო სივრცეში ინტერნეტ სივრცეში არსებულ პრობლემებისა და გამოწვევების გამოტანა იყო; ქვეყნებმა გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, რათა დაინტერესებული მხარების ჩართულობით გაუმჯობესდეს ინტერნეტ მმართველობის უკეთ განხორციელების გზებზე მსჯელობა. დაინტერესებულ მხარებს კი ამ შემთხვევაში ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური სფერო წარმოადგენდნენ.
ინტერნეტ საზოგადოება ISOC-ის წარმადგენელი, ევროპის რეგიონალურ საქმეთა მენეჯერი მაარიტ პალოვირტა დარწმუნებულია, რომ მგავსი სახით შეკრებები დააინტერესებს საზოგადოებას, რომ უკეთ გაიგონ, რა არის ინტერნეტ მმართველობა და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი სწორად გამოყენება:
“ინტერნეტ საზოგადოებას საქართველოში საკმაოდ აქტიურია და ის თემები, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქ, არამედ გლობალურ დონეზე. მნიშვნელოვანია ამ სფეროში პრიორიტეტების სწორად გადანაწილება. ინტერნტის მიმართ ნდობის ფაქტორი უნდა არსებობდეს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ბევრი არასასიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. განსაკუთრებით ისინი, რაც პერსონალური მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებას ეხება,” – ამბობს მაარიტ პალოვირტა.
ISOC-ის ექსპერტი ოლივიე კრეპინ-ლებლონდი კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტ მმართველობის ფორმატი, რომელიც მხოლოდ აზრთა გაზიარებასა და პრობლემების გარეშე დისკუსიას ეთმობა, ინტერნეტ სივრცის შესახებ ცნობიერების ამაღლების უკეთეს საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე სხვა მცდელობები:
“ზოგი აკრიტიკებს IGF-ს და ამბობს, რომ მას განსაკუთრებული ცვლილებების მოტანა არ შეუძლია, რადგან მხოლოდ დიალოგზეა ორიენტირებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედაც რომ ამ ფორმატის ძლიერი მხარეა. აქ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, აქ არ არიან დისკუსიაში გამარჯვებულები და დამარცხებულები. ეს აძლევს ყველას საშუალებას, რომ უფრო თამამად დააფიქსიროს საკუთარი აზრით,” – ამბობს ოლივიე კრეპინ-ლებლონდი
თბილისში ფორუმის ჩატარების იდეის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცის წარმომადგენელი უჩა სეთური ფორუმის მიზნებს შორის ინტერნეტის სფეროში დეცენტრალიზებასა და ინტერნეტის დახმარებით სოციალური პასუხისმგელობის გაზრდასაც მოიაზრებს.
“მთავარია, ინტერნეტი არ გახდეს ინსტრუმენტი ვინმეს ხელში,” – ამბობს სეთური – არსებობს თუ არა ინტერნეტ სივრცეში რეგულაციების დაწესების აუცილებლობა და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს რეგულაციების შემუშავებაზე პასუხისმგებელი, ამაზე ფორუმის ფარგლებში ფართო დისკუსია გაიმართა”.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმს საფუძველი 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ჩაეყარა და მას შემდეგ სხვადასხვა ქალაქში იმართება.
დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ზე მეტი დაფარულია ინტერნეტ ქსელით. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ა(ა)იპ “ოფენ ნეტი” და საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონი” ფონდ ”ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტი 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ. ფორუმის ორგანიზატორთა თქმით, ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მათი ცნობიერების ამაღლებისა და ინტერნეტ მმართველობის გაუმჯობესების აუცილებლობა, სწორედ ამიტომ, ფორუმის არსებობა საქართველოში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.