ახალი ამბები

აუტიზმის მქონე ბავშვის დედა ამბობს, რომ შვილთან ერთად ავტობუსიდან გამოაძევეს

1 სექტემბერი, 2016 • 2269
აუტიზმის მქონე ბავშვის დედა ამბობს, რომ შვილთან ერთად ავტობუსიდან გამოაძევეს

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის დედის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მას და მის შვილებს ავტობუსიდან აძევებდა და ამაში მგზავრიც ეხმარებოდა. ინციდენტის შესახებ ნეტგაზეთს თამუნა იარაჯული ესაუბრა, რომელიც თვითონაც აუტიზმის მქონე ბავშვის დედაა და შშმ ბავშვების მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივობას ეწევა.

“შშმ ბავშვი დედასთან და დასთან ერთად მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ასვლის შემდეგ ბავშვმა ხმამაღლა დაიძახა, გააჩერეთო. მას აუტიზმი აქვს. მძღოლმა დედას მიუთითა, ბავშვი გააჩერე, თორემ ავტობუსს არ დავძრავო. მან ავტობუსი მართლაც არ დაძრა. ამაზე გაღიზიანებული მგზავრები მშობელს დაესხნენ თავს. ჩანაწერებიც გვაქვს, როგორ ეუბნება ვიღაც კაცი დედას, ახლა ჩაეთრიე, თორემ მე ჩაგათრევ და მაგრად გცემო. ბავშვს აუტიზმის გარდა ეპილეფსიაც აქვს. ამ ბავშვის ტრანსპორტიდან გამოძევება მერამდენედ ხდება, ვეღარ ვითვლით (არა მარტო ამ ბავშვის)”.

თამუნა იარაჯული ზემოხსენებული ბავშვის დედასთან ერთად თბილისის მერიის შენობასთან იმყოფებოდა და მომხდარს აპროტესტებდა. მისი თქმით, საუბარია #140 ავტობუსზე.

იარაჯულის ინფორმაციით, 2015 წელს, როდესაც ამ ბავშვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაატოვებინეს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყეს დისკრიმინაციის წინააღმდეგ. იარაჯულის განმარტებით, მაშინ მერიამ პირობა დადო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ტრენინგებს ჩაუტარებდა.

“ეს ტრენინგები ალბათ არ ჩატარებულა, რადგან დღეს მძღოლი მეუბნებოდა, რომ მე ნერვები არ მაქვსო. პოლიციაც ეთანხმებოდა და ამბობდა: მძღოლიც ადამიანიაო. მძღოლს აქვს ბავშვის გაჩუმების მითითების უფლებაო”, – ამბობს იარაჯული.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველი, რომლის აპარატის თანამშრომლებიც მათ უკვე შეხვდნენ.

“ეს ქალბატონი მერიაში მოსული იყო. იმისათვის, რომ შესაბამის სამსახურს რეაგირებისათვის გადაეცეს, საჭიროა, რომ დაიწეროს განცხადება. მან თქვა, რომ პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. შევთანხმდით, რომ ხვალ დილით მოვა და ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განცხადებას შემოიტანს და შემდეგ გადაეცემა შესაბამის სამსახურს რეაგირებისთვის”, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი