კვიციანი კანონმდებლობიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ამოღებას ითხოვს

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანის ინიციატივას.

კანონპროექტების პაკეტი, რომლის ავტორი ზვიად ტომარაძეა, კანონმდებლობიდან, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ტერმინების, “სექსუალური ორიენტაციის” და “გენდერული იდენტობის”, ამოღებას ითვალისწინებს.

კვიციანის განცხადებით, კანონმდებლობაში ამ ტერმინების ჩაწერით “ზნეობრივი ნორმები დაირღვა”.

მისი თქმით, კანონმდებლობაში ზემოაღნიშნული ტერმინების არსებობა წინააღმდეგობაში მოდის ოჯახის ინსტიტუტთან, ზნეობრივ საფუძვლებთან და რელიგიურ სწავლებებთან.

კანონპროექტის წარდგენა დეპუტატმა ილია მეორის სიტყვებით დაასრულა იმის შესახებ, რომ უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა. კვიციანს სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა შეახსენა, რომ დეპუტატი პარლამენტის ტრიბუნიდან დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას არ უნდა იყენებდეს. ჩუგოშვილმა კვიციანს სიტყვა შეაწყვეტინა.

“თქვენ ეს რომ ვერ მოახერხეთ, მე არ მიკვირს იმიტომ, რომ მთლიანად თქვენი ინიციატივა არის დისკრიმინაციული”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვიცესპიკერი შემდგომ გამოსვლებში კვიციანის თანაგუნდელებმა გააკრიტიკეს. ადა მარშანიამ მას უთხრა, რომ “გამრუდებული ღირებულებები აქვს”.

რას იცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი? მის პირველ მუხლში ვკითხულობთ:

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ზემოხსენებული ტერმინების ამოღების საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მესამედ შევიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.