ახალი ამბებისამართალი

2018 წელს ომბუდსმენს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებზე მიმართავდნენ

2 მაისი, 2019 • 1800
2018 წელს ომბუდსმენს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეებზე მიმართავდნენ

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ, თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევა არსებობს, რაც ძირითადად საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემას და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარის – ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის თუ საერთაშორისო პარტნიორების- ჩართულობა და კოორდინირებულად თანამშრომლობა.

2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 158 ფაქტი შეისწავლა. მათი ინფორმაციით, განცხადებების ყველაზე დიდი ნაწილი, წინა წლების მსგავსად, კვლავ საჯარო სექტორში განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა (69%).

მიმართვიანობა 2018 წელს დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევებზე:

  • სქესის ნიშნით – 16%
  • რელიგიის ნიშნით – 13%
  • პოლიტიკური და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით – 9%
  • ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით – 8%

სახალხო დამცველმა გასულ წელს 16 რეკომენდაცია და 6 ზოგადი წინადადება გამოსცა.

ომბუდსმენის ინფოგრაფიკი 2018 წელს სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კანონის მიღებიდან დღემდე, ჯამში, დაახლოებით 650 განცხადება შეისწავლეს, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები/ტრენინგები სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ჟურნალისტებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებთან, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა საჯარო მოხელეებთან.

ამასთან, როგორც ომბუდსმენის აპარატიდან გვაცნობეს, თანასწორობის უფლების შესახებ კარგი პრაქტიკის განვითარების და სწორი სტანდარტების დადგენის მიზნით, საერთო სასამართლოებს 20-მდე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა; ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში მესამე მხარის ინტერვენცია განახორციელა, რომლითაც სასამართლოს აცნობა ქალთა თანასწორუფლებიანობის შესახებ საქართველოში არსებული ვითარება.

დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის მიღება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, სახალხო დამცველის პრაქტიკის შედეგად, მალევე გამოვლინდა ის მატერიალური და პროცესუალურ-სამართლებრივი ნაკლოვანებები, რაც ნორმატიული ჩარჩოს პრაქტიკაში მოქმედებას აფერხებდა და რაზეც სახალხო დამცველი ჯერ კიდევ თავის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში მიუთითებდა. სახალხო დამცველის განმეორებითი რეკომენდაციების შედეგად, 2019 წლის თებერვალში შევიწროების და სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმების, რეგლამენტაცია მოხდა”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს კერძო პირებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას, რაც სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალდებულებას და რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმის შექმნას უკავშირდება.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად სახალხო დამცველი მიიჩნევს დისკრიმინაციის, როგორც სოციალური ფენომენის, თაობაზე სოციუმში დაწყებულ დისკუსიას და ცნობადობის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას:

სახალხო დამცველის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში, მათი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური შემთხვევების განხილვას, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას და თანასწორობის საკითხებზე, საგანმანათლებლო ღონისძიებების მეშვეობით, ინფორმაციის გავრცელებას ეთმობოდა.

  • საქართველოს პარლამენტმა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” (ანტიდისკრიმინაციული) კანონი 2014 წლის 2 მაისს მიიღო.
  • კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.
  • ამავე კანონით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია სასამართლოს და საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი